Menu iconMenu Close icon
Qari Electric

ქირავნობის ხელშეკრულება

ბოლო ცვლილება: 18 აპრილი, 2023 წელი

გთხოვთ, ქირავნობის ხელშეკრულებას გაეცანით განსაკუთრებული ყურადღებით. ხელშეკრულება სამართლებრივად აწესრიგებს ურთიერთობას თქვენს და ქარს შორის და მოიცავს რეგულაციებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად.

წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების გარდა მომხმარებელთან არ იქნება გაფორმებული რაიმე დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებს ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობას.

მომხმარებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებას ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისთვის. წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს აპლიკაციით სარგებლობის წესებს და პირობებსდაზღვევის პირობებს და ხელშეკრულებას და ის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად გასაცნობად წარედგინება მომხმარებელს აპლიკაციაში, ასევე განთავსდება ვებგვერდზე. მომხმარებელი აპლიკაციაში შესაბამისი უჯრის მონიშვნით ადასტურებს, რომ გაეცნო და თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულებამ წარმოშვას სამართლებრივი შედეგები.

  1. ტერმინთა განმარტება
    1. ხელშეკრულება – ხელშეკრულება მოიცავს ქარს და დამქირავებელს შორის გაფორმებულ შემდეგ ხელშეკრულებებს - ქირავნობის ხელშეკრულება და კონფიდენციალურობის პოლიტიკა;
    2. ქირავნობის ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის შესახებ, რომელიც ფორმდება დამქირავებელსა და შპს მერკურს შორის;
    3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა - მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები, რომელიც განთავსებულია ქარის აპლიკაციაში და რომელსაც მომხმარებელი ეცნობა და ეთანხმება აპლიკაციაში რეგისტრაციისას;
    4. მომხმარებელი/დამქირავებელი - მოპედით სარგებლობის შემთხვევაში 16 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი რომელიც ფლობს მართვის მოწმობას, ველოსიპედით სარგებლობის შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, ხოლო მანქანით სარგებლობის შემთხვევაში 23 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი რომელიც ფლობს მართვის მოწმობას, რომელიც რეგისტრირებულია აპლიკაციაში, დაზღვევის ხელშეკრულებით განმარტებული როგორც - უფლებამოსილი მძღოლი;
    5. ქარი - შპს მერკურის სასაქონლო ნიშანი, რომელიც რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში საქპატენტში და რომლითაც ოპერირებს ბაზარზე შპს მერკური, ხელშეკრულებაში შპს მერკური მოხსენიებულია, როგორც ქარი;
    6. აპლიკაცია - ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გაზიარების აპლიკაცია, რომლის გადმოტვირთვაც მომხმარებელს შეუძლია Google Play და Apple App Store-დან, აპლიკაცია თავსებადია მობილურებისთვის. აპლიკაციის მეშვეობით დამქირავებელს შეუძლია მიიღოს ქარისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება;
    7. მოპედი - ელექტრო მოპედი, რომელსაც ქარი სთავაზობს დამქირავებელს აპლიკაციის მეშვეობით გაზიარებისთვის;
    8. ველოსიპედი - ელექტრო ველოსიპედი, რომელსაც ქარი სთავაზობს დამქირავებელს აპლიკაციის მეშვეობით გაზიარებისთვის;
    9. მანქანა - ელექტრო ავტომობილი, რომელსაც ქარი სთავაზობს დამქირავებელს აპლიკაციის მეშვეობით გაზიარებისთვის;
    10. ღირებულება - ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის ღირებულება;
    11. ჯარიმა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებული თანხა, რომელიც ჯარიმის სახით ეკისრება დამქირავებელს და ჩამოიჭრება აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან. ჯარიმასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე;
    12. მომსახურება - მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის გულისხმობს მომსახურებას, რასაც დამქირავებელი იღებს ქარის აპლიკაციის მეშვეობით, კერძოდ, მომსახურება მოიცავს თავად აპლიკაციით სარგებლობას, ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობას, ასევე მასთან დაკავშირებული დამხმარე ნივთების ქირავნობას, მომსახურე პერსონალს.
    13. რეგისტრაცია - დამქირავებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაცია ტელეფონის ნომრითა და ელექტრონული ფოსტით;
    14. ვერიფიკაცია - აპლიკაციაში რეგისტრირებული დამქირავებლის მართვის მოწმობის გადამოწმების და დადასტურების პროცედურა, რაც ხორციელდება Veriff.com-ის მიერ;
    15. ავტორიზებული დამქირავებელი - დამქირავებელი, რომელმაც აპლიკაციაში გაიარა რეგისტრაცია და ვერიფიკაცია;
    16. მძღოლის/მართვის მოწმობა - დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ადასტურებს, რომ ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს დოკუმენტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, დამქირავებელს ეკრძალება მართვის უფლება გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს;
    17. აკრძალული ზონა - ქარის აპლიკაციაში განთავსებულ რუკაზე წითლად მონიშნული ტერიტორია, სადაც აკრძალულია მოპედით, ველოსიპედით ან მანქანით გადაადგილება;
    18. დასრულების ზონა - ქარის აპლიკაციაში  განთავსებულ რუკაზე მწვანედ და ცისფრად მონიშნული ტერიტორია, სადაც ნებადართულია მოპედის, ველოსიპედის ან მანქანის გაჩერება;
    19. ტარების ზონა  - ქარის აპლიკაციაში განთავსებულ რუკაზე თეთრად მონიშნული ტერიტორია, სადაც ნებადართულია მოპედით , ველოსიპედით ან მანქანით გადაადგილება;
    20. დაპაუზება - დროებით დაყენება ან გაჩერება;
    21. პერსონალური ინფორმაცია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია.
    22. ვებგვერდი - https://qari.co
    23. დაზღვევის ხელშეკრულება - შპს მერკურსა და სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის 2021 წლის 1 აპრილს გაფორმებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება;
    24. მზღვეველი - სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია;
    25. დაზარალებული მესამე პირი  - პირი, რომელსაც დამქირავებლის მიერ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვისას მიადგა ზიანი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად. მესამე პირად არ ითვლება თავად დამქირავებელი;
    26. სადაზღვევო შემთხვევა  - დამქირავებლის მიერ, დაზღვეული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვის შედეგად მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი;

 

  1. ქირავნობის საგანი
    1. აპლიკაციის მეშვეობით ქარი აქირავებს, ხოლო დამქირავებელი ქირაობს ელექტრო მოპედს/ველოსიპედს/მანქანას და მოპედის საბარგულში განთავსებულ ორ ჩაფხუტს. ქირავნობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ ქარი და დამქირავებელი.
    2. დამქირავებელი არის ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ერთადერთი დამქირავებელი და შესაბამისად, მხოლოდ თავად არის პასუხისმგებელი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და მათ დარღვევაზე.
    3. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დაქირავება დამქირავებელს შეუძლია მხოლოდ ქარის აპლიკაციის მეშვეობით, მხოლოდ მას შემდეგ რაც გაივლის აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ვერიფიცირების პროცედურებს.
    4. ელექტრო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს ქარის საკუთრებას და არც წინამდებარე ხელშეკრულება და არც აპლიკაციით ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობა არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახით დამქირავებელზე საკუთრების უფლების გადაცემად. ეს დანაწესი ვრცელდება როგორც თავად ელექტრო სატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე ნებისმიერ სხვა დამატებით ნივთზე რაც ქირავდება ელექტრო სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად ან წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.
    5. დამქირავებელი ვალდებულია გადაუხადოს ქარს ქირავნობის ღირებულება, რაც გამოითვლება წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესით. ქირავნობის ღირებულება მითითებულია აპლიკაციაში.

 

  1. ქირავნობის წინაპირობები
    1. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობისთვის სავალდებულოა დამქირავებელმა დააკმაყოფილოს შემდეგი წინაპირობები:
  • მოპედის ქირავნობის შემთხვევაში დამქირავებელი უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის;
  • ველოსიპედის ქირავნობის შემთხვევაში დამქირავებელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის;
  • მანქანის ქირავნობის შემთხვევაში დამქირავებელი უნდა იყოს მინიმუმ 23 წლის;
  • დამქირავებელმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია მობილურში;
  • დამქირავებელი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციაში და გაიაროს ვერიფიკაცია;

 

    1. აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის დამქირავებელმა უნდა გადმოტვირთოს აპლიკაცია Google Play ან Apple Store App-დან, რეგისტრაციისას გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულებას და შეავსოს აპლიკაციის მიერ შემოთავაზებული სარეგისტრაციო ფორმა.
    2. აპლიკაციაში რეგისტრაციით დამქირავებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულებას.
    3. დამქირავებელი კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ სანქციაზე (ჯარიმა).
    4. დამქირავებელი რაიდის დასრულების ზონის/პარკირების ზონის გარეთ გაჩერებისას, შესაბამისი სამსახურის მიერ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე  გადაყვანის შემთხვევაში, ქარის მხრიდან მისი კუთვნილი ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გამოყვანისათვის და სხვა მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯის წარმოშობისას ნებისმიერ საფასურზე კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას.
    5. დამქირავებელი ვალდებულია შეასრულოს ქირავნობის წინაპირობები აპლიკაციაში რეგისტრაციისას და ქირავნობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამ წინაპირობების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დამქირავებელს.
    6. დამქირავებელი ვალდებულია მართოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება პირადად და უზრუნველყოს, რომ მესამე პირებს არ ექნებათ წვდომა ან შესაძლებლობა გამოიყენონ იგი. ქარი იხსნის პასუხისმგებლობებს იმ შემთხვევებისთვის, თუ მესამე პირებმა ისარგებლეს დამქირავებლის ავტორიზებული პროფილით. პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზიანისთვის, რაც შეიძლება დადგეს მესამე პირების მიერ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების სარგებლობით, დაეკისრება ავტორიზებულ დამქირავებელს, რომელმაც გაააქტიურა იგი.

 

  1. აპლიკაციაში რეგისტრაცია
    1. აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის დამქირავებელმა უნდა გადმოტვირთოს აპლიკაცია.
    2. აპლიკაციის გადმოტვირთვა და რეგისტრაცია უფასოა.
    3. რეგისტრაციისთვის დამქირავებელმა უნდა შეავსოს აპლიკაციაში ველები და მიჰყვეს შემდეგ ეტაპებს:
  • მიუთითოს ტელეფონის ნომერი;
  • შეიყვანოს აპლიკაციაში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსული კოდი;
  • გაეცნოს, წაიკითხოს და დაეთანხმოს ქირავნობის ხელშეკრულებას (მათ შორის დაზღვევის პირობებს და ხელშეკრულებას), კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამ დოკუმენტების გაცნობა და მათზე დათანხმება სავალდებულოა რეგისტრაციისთვის;
  • გაეცნოს და დაეთანხმოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, პრომოებზე და შემოთავაზებების მეილის მიღებას. ამ შემოთავაზებაზე დათანხმება რეგისტრაციისთვის სავალდებულო არ არის;
  • მიუთითოს აპლიკაციაში მისი სრული სახელი და გვარი;
  • სახელის და გვარის მითითების შემდეგ დამქირავებელს ეხსნება წვდომა რუკაზე და შეუძლია დაათვალიეროს დაფარვის ზონები, თავისუფალი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები;
  • შეიყვანოს სასურველი ბარათის მონაცემები, რომელიც გამოყენებული იქნება შემდგომში ქირავნობის ღირებულების გადახდის მიზნებისთვის;
  • რეგისტრაცია დასრულებულია ბარათის მონაცემების შეყვანით;
    1. დამქირავებელი ვალდებულია არ გადასცეს მისი აპლიკაციაში ავტორიზაციის ინფორმაცია - მესამე პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდგარ ზიანზე, ქირავნობის ღირებულებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დამქირავებელს.
    2. დუბლირებული პროფილების თავიდან ასარიდებლად დაუშვებელია დამქირავებელი ერთი და იმავე მართვის მოწმობით დარეგისტრირდეს აპლიკაციაში ერთზე მეტჯერ.

 

  1. ვერიფიკაცია
    1. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობისთვის დამქირავებელი ვალდებულია გაიაროს ვერიფიკაციის პროცედურა.
    2. ვერიფიკაცია უფასოა.
    3. ელექტრო მოპედისა და მანქანის ვერიფიკაცია შესაძლებელია მართვის მოწმობით.
    4. მართვის მოწმობით ვერიფიკაციისთვის დამქირავებელმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
  • აპლიკაციაში მონიშნოს ვერიფიკაცია;
  • მიჰყვეს აპლიკაციაში გახსნილ ფანჯარას;
  • აპლიკაცია დამქირავებელს ამისამართებს Veriff.com ვებ გვერდზე, სადაც დამქირავებელმა უნდა ატვირთოს მართვის მოწმობის წინა და უკანა მხარის ფოტოები. გარდა ამისა, დამქირავებელმა Veriff-ის პლატფორმის მეშვეობით უნდა გადაიღოს საკუთარი ფოტო, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად;
  • იმ შემთხვევაში თუ დამქირავებლის მიერ გადაღებული ფოტოებით ვერ ხერხდება მისი იდენტიფიკაცია, Veriff-ის პლატფორმა შეატყობინებს ამის შესახებ დამქირავებელს და გადააამისამართებს მას ვერიფიცირების პროცესის დასაწყისში;
  • ფოტოების ატვირთვის შემდგომ, Veriff.com ამოწმებს პირის შესაბამისობას მის მიერ ატვირთულ დოკუმენტებთან და იღებს ქვემოთ მოცემული გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთს:

) დადებითი - ვერიფიკაციის დადებითი გადაწყვეტილება. ატვირთული მართვის მოწმობა და დამქირავებლის ფოტო შეესაბამება ერთმანეთს;

) უარყოფითი - ვერიფიკაციის უარყოფითი გადაწყვეტილება. ატვირთული მართვის მოწმობა არ შეესაბამება დამქირავებლის ფოტოს;

) განხილვაშია - ასეთ შემთხვევაში ქარი უფლებამოსილია თავად განიხილოს ვერიფიკაციის სესია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

  • ვერიფიკაციის პროცესი დასრულებულია Veriff.com -ის მიერ გაცემული დადებითი გადაწყვეტილებისას;
  • დამქირავებელი აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შესახებ შეტყობინებას;
    1. დამქირავებელი ვალდებულია გაეცნოს Veriff კონფიდენციალურობის პოლიტიკას შემდეგ ლინკზე - https://www.veriff.com/privacy-policy
    2. დამქირავებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ქარის ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებით მხოლოდ ვერიფიკაციის შესახებ დადებითი შეტყობინების მიღების შემდგომ.
    3. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო დამქირავებელი ვერ ასრულებს რეგისტრაციის ან ვერიფიკაციის პროცესს, დამქირავებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ქარს აპლიკაციის მეშვეობით ან ელ ფოსტაზე.
    4. დამქირავებლის მიერ რეგისტრაციისა და ვერიფიკაციისას მითითებული მონაცემები - სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ტელეფონის ნომერი უნდა იყოს სწორი და აქტიური. დამქირავებელს ეკისრება ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რაც შეიძლება დადგეს არასწორი ინფორმაციის მიწოდების შედეგად.
    5. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელს აქვს ეჭვი, რომ მის პროფილს იყენებს სხვა პირი, დამქირავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ქარს.

 

  1. ხელშეკრულების ძალაში შესვლა
    1. დამქირავებელი ხელშეკრულებას უნდა გაეცნოს აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლისას, ხელშეკრულების გაცნობას და მასზე თანხმობას დამქირავებელი ეთანხმება შესაბამისი მონიშვნით. ამგვარი ფორმით გაცხადებული თანხმობა, ითვლება წერილობით თანხმობად და განხილული იქნება როგორც დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.
    2. ხელშეკრულება ძალაში შედის აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

  1. მხარეთა განცხადებები და გარანტიები
    1. ქარი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ
  • ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ერთადერთი მფლობელი არის ქარი;
    1. დამქირავებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ
  • მოპედით სარგებლობის შემთხვევაში არის 16 წლის ასაკს მიღწეული;
  • ველოსიპედით სარგებლობის შემთხვევაში არის 18 წლის ასაკს მიღწეული;
  • მანქანით სარგებლობის შემთხვევაში არის 23 წლის ასაკს მიღწეული;
  • იცნობს ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვის წესებს, არის კომპეტენტური და აქვს მისი მართვისათვის საჭირო უნარები;
  • გაეცნო ხელშეკრულებისა და დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს მისთვის გასაგებ ენაზე და ფორმით, ადასტურებს მათში ასახულ პირობებზე თანხმობას;
  • გაეცნო ქარის აპლიკაციაში მითითებულ უსაფრთხოების წესებს, ელექტრო სატრანსპორტო საშუალების განბლოკვისა და მოხმარების წესებს, ეთანხმება მათ და მზად არის სრულად და განუხრელად შეასრულოს ისინი;
  • კეთილსინდისიერად ისარგებლებს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით, გაუფრთხილდება მას, არ მიაყენებს ზიანს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
  • არის  ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ერთადერთი დამქირავებელი და თავად პირადად არის პასუხისმგებელი ხელშეკრულებაში მოყვანილ ყველა წესთან და პირობასთან შესაბამისობაზე;
  • აცნობიერებს, რომ როდესაც განბლოკავს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას, უნდა მართოს პირადად, მხოლოდ თვითონ;
  • ელექტრო სატრანსპორტო საშუალების  მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, თავად იღებს სრულ პასუხისმგებლობას და რისკებს ტრავმის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში;
  • აცნობიერებს, რომ გარემო პირობები როგორიცაა წვიმა, ნისლი, თოვლი, ყინული, სეტყვა, სიცხე შეიძლება გავლენას ახდენდნენ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების რაიდზე. ამ პირობების მიუხედავად რაიდის დაწყებისას პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერი სახის მატერიალურ ან არამატერიალურ ზიანზე/შედეგზე;
  • აღიარებს რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალება და მასზე მიმაგრებული, მასში განთავსებული ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა წარმოადგენს ქარის საკუთრებას;
  • თანახმაა გამოიყენოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება ქარის მიერ მითითებული ზონების გათვალისწინებით, დააპარკინგოს დასრულების ზონაში, არ იმოძრაოს აკრძალულ ზონაში;
  • აცნობიერებს რომ თავად მართავს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას და შესაბამისად, ყველა სახის პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ეკისრება პირადად;
  • აცხადებს თანხმობას, რომ ქარი უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ნებისმიერი ჯარიმა, გადასახდელი, ზიანის ანაზღაურების ხარჯი ჩამოაჭრას დამქირავებელს აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან;
  • მისთვის ცნობილია, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით დაუშვებელია მძიმე წონის გადატანა;
  • აცნობიერებს, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება დამუხტული ბატარეის მეშვეობით. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვა ამცირებს ბატარეის მუხტს;
  • იცნობს საგზაო მოძრაობის წესებს და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს და შეასრულოს ასეთი წესები;
  • რაიდის დასრულების ზონის/პარკირების ზონის გარეთ გაჩერებისას, შესაბამისი სამსახურის მიერ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შემთხვევაში, ქარის მხრიდან მისი კუთვნილი ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გამოყვანისათვის და სხვა მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯის წარმოშობისას ნებისმიერ საფასურზე კისრულობს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას.
  • გაეცნო დაზღვევის პირობებს, ეთანხმება დამქირავებლის ვალდებულებებს და მზადყოფნას გამოთქვამს სრულად და ჯეროვნად შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები;

 

    1. მხარეთა განცხადებები და გარანტიები არის სავალდებულო ხასიათის დებულებები და მათი დარღვევა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევას. ქარი უფლებამოსილია დააკისროს დამქირავებელს ჯარიმა გარანტიების დარღვევისთვის. გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება, რაც წარმოიშვა ამგვარი დარღვევით. გარანტიის ნებისმიერი პირობის დარღვევა უფლებამოსილებას ანიჭებს მეორე მხარეს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

  1. რაიდის დაწყება
    1. დამქირავებელს ელექტრო სატრანსპორტო საშუალების  ქირავნობა შეუძლია მხოლოდ ქარის აპლიკაციის მეშვეობით.
    2. ქირავნობის პროცესი (იგივე რაიდი/მგზავრობა) მოიცავს დამქირავებლის მიერ აპლიკაციით  ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გააქტიურებას, რაიდს და რაიდის დასრულებას.
    3. რაიდისთვის დამქირავებელს თან უნდა ჰქონდეს მობილური ტელეფონი, რომელშიც ჩატვირთულია აპლიკაცია და მართვის მოწმობა.
    4. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობისთვის აუცილებელია დამქირავებელმა:
  • აპლიკაციაში განთავსებულ რუკაზე იპოვოს და დაჯავშნოს სასურველი ელექტრო სატრანსპორტო საშუალება;
  • შეამოწმოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, ხომ არ აქვს მას რაიმე დაზიანება. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია აპლიკაციის მეშვეობით მონიშნოს დაზიანებული დეტალი და შეიყვანოს დაზიანების დეტალები. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი არ შეიყვანს დაზიანების დეტალებს, იგულისხმება, რომ დაიქირავა  ელექტრო სატრანსპორტო საშუალება დაზიანებების გარეშე, შესაბამისად რაიდის ბოლოს აღმოჩენილ ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც დასაწყისში არ იყო მონიშნული, პასუხისმგებლობა ეკისრება დამქირავებელს;  ქარი უფლებამოსილია დააკისროს დამქირავებელს ჯარიმა, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
  • მოპედის ქირავნობის შემთხვევაში ჰიგიენური უსაფრთხოებისთვის გაიკეთოს საბარგულში განთავსებული სამედიცინო ქუდი და შემდეგ დაიფაროს ჩაფხუტი. მოპედის საბარგულში განთავსებული იქნება ორი ჩაფხუტი. ჩაფხუტების არ არსებობის შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია შეატყობინოს ქარს აპლიკაციის მეშვეობით. ასეთი შეტყობინების არარსებობისას, ივარაუდება, რომ დამქირავებელმა დაიქირავა მოპედი ორი ჩაფხუტით. შესაბამისად, რაიდის ბოლოს ჩაფხუტის დაკარგვის პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება დამქირავებელს; ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე
  • გადმოიყვანოს მოპედი სადგამიდან და ჩასართავად დააჭიროს ღილაკს „Start” მანამდე, სანამ სამართავ პანელზე არ აინთება წარწერა „Ready“.  ხოლო მანქანის შემთხვევაში, მოიყვანოს მანქანა მოძრაობის დაწყებისათვის საჭირო მდგომარეობაში.
  • ველოსიპედის ქირავნობის შემთხვევაში გადმოიყვანოს ველოსიპედი სადგამიდან და დაიწყოს მგზავრობა. რეკომენდირებულია დამქირავებელმა მგზავრობისას გამოიყენოს მისი კუთვნილი ჩაფხუტი.

 

  1. რაიდის დასრულება;
    1. დამქირავებელი ვალდებულია რაიდის დასრულებამდე დარწმუნდეს, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალება დაყენებულია დასრულების ზონაში. რაიდის ქარის ზონის გარეთ დასრულების შემთხვევაში ქარი უფლებამოსილია დააკისროს დამქირავებელს ჯარიმა  ელექტრო სატრანსპორტო საშუალებასა და დასრულების ზონას შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    2. რაიდის დასრულებისთვის დამქირავებელი ვალდებულია:
  • მიიყვანოს  ელექტრო სატრანსპორტო საშუალება დასრულების/პარკირების ზონაში;
  • განათავსოს ელექტრო მოპედი/ველოსიპედი სადგამზე;
  • მოპედის ქირავნობისას მოათავსოს ორივე ჩაფხუტი და სხვა აქსესუარები საბარგულში, ხოლო მანქანის ქირავნობისას მანქანაში მოათავსოს გასაღები მისთვის განკუთვნილ ადგილას;
  • მოპედის ქირავნობისას ჩაკეტოს საბარგულის თავსახური, დარწმუნდეს, რომ საბარგული ჩაკეტილია, ხოლო მანქანის ქირავნობისას დარწმუნდეს რომ მანქანა არის ჩაკეტილ მდგომარეობაში;
  • აპლიკაციაში მონიშნოს რაიდის დასრულება და მიჰყვეს აპლიკაციაში მითითებულ ინსტრუქციას;
    1. დამქირავებელს, რომელიც მიატოვებს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას და გამოტოვებს რაიდის დასრულების ნებისმიერ ეტაპს, დაეკისრება ჯარიმა ელექტრო სატრანსპორტო საშუალების რაიდის დაუსრულებლად მიტოვებისთვის. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    2. დამქირავებელი ვალდებულია დატოვოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაშიელექტრო სატრანსპორტო საშუალების დაბინძურებისთვის ქარი დაგაკისრებთ ჯარიმასჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.

 

  1. ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის პირობები;
    1. ჩაფხუტის გარეშე მოპედით გადაადგილება აკრძალულია. ქარი არ არის პასუხისმგებელი და დამქირავებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას ჩაფხუტის გარეშე მოპედის ტარებისას წარმოშობილი ნებისმიერი ზიანისთვის, მათ შორის, იქნება ეს ადმინისტრაციული ჯარიმა,  დამქირავებლისთვის თუ ნებისმიერი დაზარალებული მესამე პირისათვის მიყენებული ფიზიკური და მატერიალური ზიანი. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული წესი მოქმედებს დამქირავებლის მიერ მანქანის ქირავნობისას ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში.
    2. მოპედის ჩაფხუტის გარეშე ტარების შემთხვევისთვის, ხოლო მანქანის ტარებისას ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევისთვის დამქირავებელს დაეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.
    3. ქარი უფლებამოსილია დააკისროს დამქირავებელს ჯარიმა ჩაფხუტის დაკარგვისთვის. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    4. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელმა რაიდის დასრულების შემდგომ თან გაიყოლა ჩაფხუტი, ქარი უფლებამოსილია დააკისროს დამქირავებელს ჯარიმა საათობრივი ჯარიმა ჩაფხუტის დაბრუნებამდე. თუ დამქირავებელიი თავს არიდებს ჩაფხუტის დაბრუნების ვალდებულებას, დამქირავებელსს დაეკისრება ფიქსირებული ჯარიმა. ქარი უფლებამოსილია შეუჩეროს დამქირავებელს ქარის ანგარიში. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    5. ქარი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევისთვის, როდესაც დამქირავებელი მოპედით გაადაადგილდება ჩაფხუტის გარეშე. ქარი უზრუნველყოფს, რომ ჩაფხუტები განთავსებული იქნება მოპედში. ჩაფხუტების არარსებობის შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია შეატყობინოს ქარს ამის შესახებ და ვალდებულია არ იმგზავროს ჩაფხუტის გარეშე.
    6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დაჯავშნის, რაიდის დაწყების ან დასრულებისას წარმოიშვება რაიმე სახის პრობლემა, დამქირავებელი ვალდებულია დაუკავშირდეს ქარს პრობლემის აღმოსაფხვრელად და არ შეეცადოს პრობლემის საკუთარი ძალებით გამოსწორება. ელექტრო სატრანსპორტო საშუალებაზე განხორციელებულ ნებისმიერ მოდიფიკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამქირავებელს.
    7. იმ შემთხვევაში თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალება დაზიანებულია, გატეხილია, აკლია ნაწილები, დამქირავებელი ვალდებულია დააფიქსიროს შეტყობინება ზიანის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიდის დასრულებისას ნებისმიერ ამგვარ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება დამქირავებელს.
    8. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალება არასტაბილურია მოძრაობისას, აქვს რაიმე სხვა პრობლემა რაც ხელს უშლის დამქირავებელს გადაადგილებაში, დამქირავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა, დააპარკინგოს იგი დასრულების/საპარკინგე ზონაში და შეატყობინოს ქარს ასეთი ზიანის შესახებ.
    9. დამქირავებელი ვალდებულია ისე დაგეგმოს მისი გადაადგილება, რომ გაითვალისწინოს მის მიერ არჩეული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ბატარეის სტატუსი (რეკომენდირებულია ბატარეის სტატუსი აღემატებოდეს 25%-ს). ქარი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებისთვის, თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მუხტი ამოიწურა დანიშნულების ადგილზე მიღწევამდე. 
    10. მუხტი მცირდება გადაადგილებისას, მასზე მოქმედებს სხვადასხვა გარემოებები რაც შეიძლება იყოს გზის პირობები, ამინდი. დამქირავებელი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები რაიდის დაწყებამდე.
    11. ქარის სატრანსპორტო საშუალებები ელექტროა და მათ დამუხტვას უზრუნველყოფს ქარი. დამქირავებელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს სამართავ ეკრანს და არ დაუშვას ელექტრო სატრანსპორტო საშუალების საოპერაციო ზონის გარეთ დაუმუხტავ მდგომარეობაში აღმოჩენა. იმ შემთხვევაში, თუ დაცლილი ელექტრო სატრანსპორტო საშუალება ოპერირების ზონის გარეთ დარჩება, დამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა მისი დაბრუნებისთვის. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    12. დამქირავებელი თავად არ უნდა ეცადოს მოპედის დამუხტვას. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელზე გადადის ყველა რისკი, ზიანი, პასუხისმგებლობა, ვალდებულება რაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დამუხტვამ.
    13. რაიდის ხასიათიდან გამომდინარე, დამქირავებელმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების ან სიფრთხილის დამატებითი ზომები, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულებაში.
    14. დამქირავებელი ვალდებულია დააბრუნოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო ქირავნობის დაწყებისას.
    15. დამქირავებელმა თავად უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრობის განმავლობაში მისი მობილური ტელეფონი იქნება დამუხტულ მდგომარეობაში და ექნება საშუალება დაასრულოს მგზავრობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიდის დასრულებამდე მომხმარებლის მობილური ტელეფონის მუხტი ამოიწურა, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს ქარს პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში და შეატყობინოს რაიდის დეტალები.
    16. დამქირავებელი ვალდებულია ნებისმიერი ინციდენტის, სადავო შემთხვევის დეტალების დასაზუსტებლად ითანამშრომლოს ქართან, მიაწოდოს მას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, გამოცხადდეს ქარის ოფისში, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში.
    17. დამქირავებელი იღებს პასუხისმგებლობას შეინარჩუნოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება სუფთა მდგომარეობაში, არ ცდის მის მოდიფიკაციას.
    18. დამქირავებელი ვალდებულია თავად გაუფრთხილდეს პირად ნივთებს და არ დატოვოს ის  ელექტრო სატრანსპორტო საშუალებაში(ზე) რაიდის დასრულების შემდგომ. ქარი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევისთვის, თუ დამქირავებელს დარჩება მისი პირადი ნივთები ელექტრო სატრანსპორტო საშუალებაში(ზე).

 

  1. საგზაო მოძრაობის წესები
    1. დამქირავებელი ვალდებულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას ნებისმიერ დროს დაიცვას და დაემორჩილოს საგზაო მოძრაობის წესებს.
    2. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვისას დამქირავებელი ვალდებულია გზაზე იმოძრაოს იმგვარად, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.
    3. დამქირავებელს, ველოსიპედისთვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს მოძრაობის მიმარულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ველოსიპედით სარგებლობისას.
    4. დამქირავებელს, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის ან გვერდულას არ არსებობის შემთხვევაში, ამასთან გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობისას, შეუძლია ისარგებლოს ტროტუარით, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა გადაადგილებას. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ ველოსიპედით სარგებლობისას.
    5. დამქირავებელს, ველოსიპედით გადაადგილებისას, ეკრძალება მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იქ სადაც ტრამვაის ლიანდაგია, აგრეთვე იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.
    6. დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში, მოპედის მოძრაობა დასაშვებია არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარისა. ხოლო მანქანის შემთხვევაში დასახლებულ პუნქტში ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარისა, საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარისა.
    7. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირთან დგომა ნებადართულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალებისთვის თუ ის დაბრკოლებას არ უქმნის ქვეითებს.
    8. ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა.
    9. ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის არსებობისას დამქირავებელს ეკრძალება გზის სავალ ნაწილზე, ზოლის მიღმა გადაადგილება. მოპედის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია, მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.
    10. აკრძალულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა, გარდა ველოსიპედისა.
    11. ელეტრო მოპედის/ველოსიპედის ქვეითად გადამყვანი პირი გათანაბრებულია ქვეითთან.
    12. დამქირავებელს ეკრძალება ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვა.
    13. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მომხმარებელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ.
    14. წინამდებარე მუხლში ინფორმაციისთვის მითითებულია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონიდან ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული დებულებები. იმ შემთხვევაში, თუ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც არ არის ასახული წინამდებარე ხელშეკრულებაში, დამქირავებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა.
    15. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად. ქარი უფლებამოსილია დროებით შეუჩეროს ანგარიში ასეთ დამქირავებელს.

 

  1. აკრძალვები;
    1. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა.
    2. ველოსიპედით გადაადგილებისას დამქირავებელს ეკრძალება მგზავრის გადაყვანა.
    3. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვისას არ ისარგებლოთ მობილური ტელეფონით ან სხვა მოწყობილობით რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ უსაფრთხო ტარებაში.
    4. აკრძალულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური თრობის, ნარკოტიკული, მედიკამენტების ან სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვის შესაძლებლობა. არაფხიზელ მდგომარეობაში ქარის ტარების შემთხვევაში დამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა.
    5. აკრძალულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულ ავტოსადგომებზე, ვინმეს კერძო საკუთრებაში ან ისეთ ზონებში, რომელიც ჩაკეტილია და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებადართულია მხოლოდ დასრულების ზონაში.
    6. აკრძალულია  ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გამოყენება აკრძალულ ზონაში.
    7. აკრძალულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით მონაწილეობა რბოლებში ან რაიმე სპორტულ ღონისძიებებში.
    8. აკრძალულია სხვა პირისთვის სასყიდლიანი თუ უსასყიდლო ფორმით ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გადაცემა. იმ შემთხვევაში თუ დამქირავებელმა გადასცა ელექტრო სატრანსპორტო საშუალება სამართავად მესამე პირს, დამქირავებელს ქარის მიერ დაეკისრება ჯარიმა, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე. დამქირავებელს ასევე ეკისრება სრული პასუხისმგებლობა კანონმდებლობის დარღვევისთვის დაკისრებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ჯარიმაზე.
    9. აკრძალულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების თვითნებური დატენვა, თუ მუხტი იწურება, დამქირავებელმა უნდა დაასრულოს მგზავრობა.
    10. აკრძალულია მოპედით მძიმე ტვირთის გადატანა. მოპედს შეუძლია იტვირთოს მაქსიმუმ 180 კილოგრამი, დამქირავებლის ჩათვლით, ხოლო მანქანას შეუძლია იტვირთოს მაქსიმუმ 200 კილოგრამი, დამქირავებლის ჩათვლით.
    11. აკრძალულია ველოსიპედით 5კგ-ზე მეტი წონის ტვირთის გადატანა.
    12. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში დამდგარ ნებისმიერი სახის ზიანზე სრული მატერიალური და არამატერიალური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დამქირავებელს.
    13. ქარი ვალდებულია დამქირავებლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.

 

  1. აპლიკაციაში ანგარიშის გაუქმება;
    1. დამქირავებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ქირავნობის ხელშეკრულება მომსახურების გამოყენების შეწყვეტით.
    2. ანგარიშის გასაუქმებლად დამქირავებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ქარს.
    3. ქარი იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის გაუქმების შესახებ დამქირავებლის ანგარიშის ბალანსის გათვალისწინებით.
      1. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელს აქვს უარყოფითი ბალანსი და აპლიკაციაში ფიქსირდება დავალიანება (ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირა, ჯარიმა, პირგასამტეხლო), ანგარიშის გაუქმება შეუძლებელია სანამ სრულად არ დაიფარება დავალიანება.
      2. უარყოფითი ბალანსის დაფარვის შემდეგ ქარი უფლებამოსილია ერთი კვირის განმავლობაში გააუქმოს ანგარიში.
    4. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების, განცხადებებისა და გარანტიების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში, ქარი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩეროს ან გააუქმოს დამქირავებლის ავტორიზებული პროფილი, შეუზღუდოს დამქირავებელს წვდომა ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებზე.

 

  1. დაპაუზება
    1. დამქირავებელი ვალდებულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალება დააპარკინგოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაშვებულ დასრულების ზონაში.
    2. დასრულების ზონები მონიშნულია ვებგვერდსა და აპლიკაციაში განთავსებულ რუკაზე.
    3. დამქირავებელმა ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას უნდა გაითვალისწინოს სხვა მგზავრები და ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა ტრანსპორტის, ფეხით მოსიარულეების, სქროლისა თუ ველოსიპედის მძღოლებს.
    4. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი დააპარკინგებს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას პარკირების წესების დარღვევით, დამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა დასრულების ზონაში წესების დარღვევით გაჩერებისთვის. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    5. დამქირავებელს აქვს საშუალება დროებით გააჩეროს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება, ამისთვის უნდა გააქტიურდეს პაუზის რეჟიმი. პაუზის რეჟიმში აქტიურია მომხმარებლის ჯავშანი, თუმცა მოპედით სარგებლობისას იკეტება საბარგული და აქტიურდება მოპედის სიგნალიზაცია, ხოლო მანქანით სარგებლობისას იკეტება მანქანის კარი. მგზავრობის გასაგრძელებლად მომხმარებელი ირჩევს რაიდის გაგრძელებას.
    6. დამქირავებელი ვალდებულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაშიც დაიცვას პარკინგის წესები. დაპაუზებისას ელექტრო სატრანსპორტო საშუალების არასწორად დაყენებისთვის დამქირავებელს დაეკისრება ჯარიმა. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.
    7. პარკირების წესების დარღვევისთვის დამქირავებელს შესაძლებელია დაეკისროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა საპატრულო პოლიციის მიერ.

 

  1. კომუნიკაცია
    1. დამქირავებელს შეუძლია ქართან კომუნიკაციისთვის ისარგებლოს აპლიკაციაში არსებული ჩატით ან დაუკავშირდეს მათ ქარის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - ride@qari.eco
    2. დამქირავებლისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ჩაბარებულად ითვლება და აქვს ორმხრივად მავალდებულებელი ძალა შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. 
    3. დამქირავებელი ვალდებულია აპლიკაციაში მიუთითოს მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, დამქირავებელმა ცვლილება უნდა ასახოს აპლიკაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება რომ ვალიდურია აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია.

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

ქირავნობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.

  1. ქირავნობის ღირებულება
    1. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის ღირებულება ანგარიშდება რაიდის ხანგრძლივობის  შესაბამისად.
    2. ქირავნობის ღირებულება გამოითვლება რაიდის დასრულებაზე ღილაკის დაჭერისას და მოიცავს პერიოდს რაიდის გააქტიურებიდან მის დასრულებამდე.
    3. დამქირავებელს შეუძლია ისარგებლოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით აპლიკაციაში მითითებული ფასების შესაბამისად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მართვის დაწყების საფასურს და ქირავნობის ღირებულებას. დეტალური ინფორმაცია ქირავნობის ღირებულების შესახებ, განთავსებულია ქარის აპლიკაციაში. მომხმარებელი ვალდებულია მოპედის დაქირავებამდე გაეცნოს ქირავნობის აპლიკაციაში მითითებულ ღირებულებას.
    4. ქირავნობის ღირებულებამ შეიძლება განიცადოს ცვლილება. ქირავნობის ღირებულების შეცვლისას ინფორმაცია შეცვლილი ტარიფების შესახებ განთავსდება აპლიკაციაში.
    5. ქარი უფლებამოსილია შესთავაზოს დამქირავებლებს პრომო კოდები და მომსახურების პაკეტები.

 

  1. ანგარიშსწორების წესი
    1. დამქირავებელი ქირავნობის ღირებულებას იხდის რაიდის დასრულებისთანავე. ქირავნობის ღირებულების ჩამოჭრა ხორციელდება მგზავრობის დასრულების შემდეგ დამქირავებლის მიერ აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან.
    2. დამქირავებელი აპლიკაციაში ბარათის მონაცემების შეყვანით უფლებამოსილებას ანიჭებს ქარს, აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან ჩამოაჭრას დამქირავებელს ნებისმიერი გადასახდელი, რომელიც ეკისრება დამქირავებელს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დარღვევის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. გადასახდელები მოიცავს ქარის მიერ დაკისრებულ ასევე სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობა განხილული უნდა იქნეს, ჯარიმების ჩამოჭრაზე თანხმობადაც, რისთვისაც ქარს არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება დამქირავებელთან.
    3. იმ შემთხვევაში თუ თანხის ჩამოჭრა ვერ ხორციელდება აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან, შესაბამისი გადასახდელები დაფიქსირდება დამქირავებლის პროფილში უარყოფით ბალანსზე და ავტომატურად იქნება ჩამოჭრილი ახალი ბარათის მონაცემების მითითებისას. უარყოფითი ბალანსის მქონე დამქირავებელი ვერ გაააქტიურებს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას.
    4. ქარი უფლებამოსილია დარიცხვა რომელიც წარმატებით არ განხორციელდა გაიმეოროს აპლიკაციაში მითითებული ყველა მეთოდის მეშვეობით.
    5. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი არ ეთანხმება ქარის მიერ განხორციელებულ დარიცხვას, დამქირავებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ქარს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ასეთი დარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. შეტყობინებაში დამქირავებელმა უნდა მიუთითოს მოთხოვნა. ქარი განიხილავს შემოსულ შეტყობინებას 14 დღის ვადაში და შემდგომ წერილობით შეატყობინებს პოზიციას დამქირავებელს.

 

  1. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ხელმისაწვდომობა
    1. ქარი არ არის პასუხისმგებელი დამქირავებლის მობილური მოწყობილობისა და აპლიკაციის თავსებადობაზე.
    2. დამქირავებელი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე დარწმუნდეს, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას აქვს საკმარისი ბატარეის მარაგი და შეუძლია დასრულების ზონაში დაბრუნება.
    3. დამქირავებელი აპლიკაციის საშუალებით ხედავს აქტიურ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებს.
    4. დამქირავებელი ვალდებულია გააქტიუროს და დაჯავშნოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება როდესაც ნამდვილად ისახავს მიზნად მის ქირავნობას.
    5. დამქირავებელი უფლებამოსილია გამოიყენოს ის ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ არის დაჯავშნილი ან გააქტიურებული სხვა დამქირავებლების მიერ.
    6. ქარს აქვს წვდომა ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობაზე მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის, უსაფრთხოების, შემოწმების და კონტროლის მიზნით.
    7. ქარი უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუჩეროს მომხმარებელს წვდომა აპლიკაციაზე.
    8. დამქირავებელი თანხმობას აცხადებს იმ ფაქტზე, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე. ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა შეზღუდულია, ისინი განლაგებულია კონკრეტულ ადგილებზე და მათი ხელმისაწვდომობა არ არის ყოველთვის გარანტირებული.
    9. აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის, რაიდის დაწყების, დასრულებისთვის აუცილებელია დამქირავებლის მობილურ ტელეფონს ჰქონდეს აქტიური ინტერნეტ კავშირი. დამქირავებელი თავად არის პასუხისმგებელი ინტერნეტის მუდმივად ხელმისაწვდომობაზე და ინტერნეტის მოხმარებიდან გამომდინარე ხარჯებზე. ქარი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებისთვის, თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობა შეფერხდა ინტერნეტის ხელმიუწვდომელობის გამო, ასევე მობილური მოწყობილობის გაუმართავობის ან დაცლილი ბატარეის გამო. დამქირავებელი პასუხისმგებელია ყველა ასეთ ხარჯზე. ქარი უფლებამოსილია ასეთი შეფერხების არსებობის პირობებში დააკისროს დამქირავებელს ქირავნობის ფაქტობრივი ღირებულება მართვის დასრულებამდე.

 

  1. საავარიო შემთხვევები
    1. დამქირავებელი ვალდებულია შეატყობინოს ქარს, პოლიციას და მზღვეველს ინფორმაცია ნებისმიერი საგზაო შემთხვევის, ავარიის, დაზიანების, მოპარვის, დაკარგვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ჩანს თუ არა დაზიანება ვიზუალურად ან მოძრაობს თუ არა ელექტრო სატრანსპორტო საშუალება. აკრძალულია ასეთი შემთხვევის შემდგომ რაიდის გაგრძელება.
    2. შემთხვევის დადგომისას დამქირავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საპატრულო პოლიციას და მზღვეველს შემთხვევის შესახებ. ასევე, დაუკავშირდეს ქარს. შეასრულოს მათ მიერ გაცემული ნებისმიერი მითითება და არ დატოვოს შემთხვევის ადგილი და ელექტრო სატრანსპორტო საშუალება უყურადღებოდ. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ქარი უფლებამოსილია მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება მოითხოვოს თავად დამქირავებლისგან.
    3. ქარი და მომხმარებელი ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან და მზღევველთან, მიაწოდონ მათ ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, დაემორჩილონ მათ მითითებებს.
    4. იმ შემთხვევაში თუ ერთი და იმავე ავტორიზებულმა დამქირავებელმა სამჯერ ან მეტჯერ მიაყენა ზიანი ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას, ქარი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ანგარიშზე წვდომა დამქირავებელს და მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად დააკისროს მას.
    5. დამქირავებელი ვალდებულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერი მსუბუქი თუ არსებითი ხასიათის დაზიანებისას, შეატყობინოს ქარს დაზიანების შესახებ. დამქირავებელი ვალდებულია შეწყვიტოს რაიდი და დააპარკინგოს უსაფრთხო ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი თავს აარიდებს დაზიანების შეტყობინებას, დაეკისრება ჯარიმა. ჯარიმის შესახებ ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე.

 

  1. ხელშეკრულების შეწყვეტა
    1. ქარს ნებისმიერ დროს, ცალმხრივი წესით, საკუთარი სურვილით, დამქირავებლის თანხმობის გარეშე შეუძლია შეწყვიტოს დამქირავებლის წვდომა აპლიკაციაზე, დამქირავებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სარგებლობა და წაშალოს აპლიკაცია.
    2. დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქარი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
    3. დამქირავებელი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება აპლიკაციაში ავტორიზაციის გაუქმებით. ამისთვის უნდა მიმართოს ქარს, გადაიხადოს მის ანგარიშზე ფიქსირებული ყველა გადასახდელი.
    4. ქარი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების საშუალებით. ეს არ ზღუდავს ქარს, მოითხოვოს შეწყვეტის თარიღისთვის არსებული ყველა, მათ შორის, ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

  1. პერსონალური ინფორმაცია
    1. ქარის აპლიკაცია აგროვებს დამქირავებლის პერსონალურ ინფორმაციას.
    2. აპლიკაციის გადმოტვირთვის, რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცედურების გავლისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ქარმა მიიღოს, დაამუშავოს და შეინახოს მის მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემები.
    3. აპლიკაციის მიერ ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება:
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელ ფოსტა;
  • სახელი გვარი;
  • საბანკო ბარათის მონაცემები (მუშავდება პარტნიორი კომპანია Adyen-ის მიერ);
  • პირადი ნომერი;
  • მართვის მოწმობა (მუშავდება პარტნიორი კომპანია Veriff-ის მიერ);
  • ინფორმაცია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ;

რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია დაცულია თავად ქარის მიერ, ასევე ქარის პარტნიორი მესამე პირების მიერ.

    1. ქარის აპლიკაციაში გაცხადებული თანხმობა განიმარტება, როგორც პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლებაზე წერილობით გაცემული თანხმობა.
    2. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკას გაეცანით ვებ გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

შენიშვნა: დამქირავებელი ქირავნობის ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცხადებით ასევე აცხადებს თანხმობას, რომ პერსონალური ხასიათის კონფიდენციალური ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამქირავებლის დამატებითი თანხმობის გარეშე.

  1. პასუხისმგებლობები
     
    1. დამქირავებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი სახის ჯარიმაზე, მატერიალურ ზიანზე, რომელიც დადგება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას დამქირავებლის მართვის მოწმობა არ არის ვალიდური/მოქმედი.
    2. დამქირავებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი სახის ჯარიმაზე, მატერიალურ ზიანზე, რომელიც დადგება დამქირავებლის მიერ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ (ალკოჰოლური თრობის ან ნარკოტიკული/ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ) მდგომარეობაში მართვისას.
    3. დამქირავებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ჯარიმაზე, მატერიალურ ზიანზე, რომელიც დადგება მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად.
    4. დამქირავებელი იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ საჩივარზე, მოთხოვნაზე, სარჩელზე, ზარალზე, ხარჯებზე, ჯარიმაზე, რაც უკავშირდება მოპარულ ან დაკარგულ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებას.
    5. დამქირავებელი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ ქარი უფლებამოსილია ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მზღვეველთან და მათი ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნით მიაწოდოს დამქირავებლის შესახებ აპლიკაციაში დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოითხოვოს სამართალდამცველმა უწყებებმა ან მზღვეველმა გამოძიების ან სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით. ამგვარი ინფორმაციის გადაცემას არ სჭირდება მომხმარებლის დამატებითი თანხმობა.
    6. დამქირავებელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ნებისმიერი ზიანი, მათ შორის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით გამოწვეული ზიანი, ასევე ნებისმიერი ზიანი, რომელიც დადგა დამქირავებლის ბრალით და მონაწილეობით.
    7. დამქირავებელი პასუხისმგებელია ნებისმიერი სახის ჯარიმაზე, მატერიალურ ზიანზე, რომელიც დადგება დამქირავებლის მიერ ქარის კუთვნილი ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მესამე პირისათვის გადაცემით.
    8. ჯარიმების ანაზღაურების ვადა
      რაიდერი ვალდებულია ნებისმიერი ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში.

 

  1. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
    1. დამქირავებელი არ არის პასუხისმგებელი ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ჩვეულებრივ ცვეთასა და ამორტიზაციაზე.
    2. ქარი არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციის თავსებადობაზე მობილურ მოწყობილობებთან, ასევე ქარი იხსნის პასუხისმგებლობიას იმ შემთხვევისთვის როდესაც რაიდის დასრულება შეუძლებელი გახდა მობილური ტელეფონის მუხტის ამოწურვის, ინტერნეტ კავშირის შეწყვეტის გამო. დამქირავებელი სრულად არის პასუხისმგებელი უზრუნველყოს საკუთარი მობილურის თავსებადობა და დამუხტვა ელექტრო სატრანსპორტო საშუალების  გააქტიურებისთვის და რაიდის დასრულებისთვის. ქარი უფლებამოსილია დააკისროს დამქირავებელს ყველა ხარჯი, მათ შორის ქირავნობის ღირებულება მართვის აპლიკაციაში ფაქტობრივად დასრულებამდე.
    3. ქარი არ არის პასუხისმგებელი საოპერაციო ზონაში გზების გამართულობაზე, არ იძლევა იმის გარანტიას რომ  ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების მარშრუტები იქნება ყოველთვის უსაფრთხო. გზა შეიძლება სახიფათო გახდეს ამინდის პირობების, საგზაო მოძრაობის, შეზღუდული ხილვადობის და სხვა დამატებითი პირობების გამო.
    4. დამქირავებელი აცხადებს თანხმობას სრულად გაათავისუფლოს ქარი (ქარის თანამშრომლები და კონტრაქტორი პირები) პასუხისმგებლობებისგან, დაიცვას ის მესამე პირების პრეტენზიებისგან და თავიდან ააცილოს ზარალი, დაიცვას ისინი საჩივრებისგან, სარჩელებისგან რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაუდევრობით, ხელშეკრულების დარღვევით, გარანტიის დარღვევით. პრეტენზია გულისხმობს ნებისმიერ პრეტენზიას, ტრავმას, მოთხოვნას, პასუხისმგებლობას, დავის საგანს, სარჩელს ვალდებულებას, დავალიანებას, ჯარიმას, ხარჯს, ზიანს (მათ შორის, პირადი დაზიანება, გარდაცვალება, ჯანმრთელობის და ქონების ზიანი).
    5. დამქირავებელი ყოველთვის ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი ელექტრო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

 

  1. დაკარგული და მოპარული ელექტრო სატრანსპორტო საშუალება
    1. ელექტრო სატრანსპორტო საშუალება დაკარგულად ან მოპარულად ჩაითვლება თუ:
  • დამქირავებელს  ელექტრო სატრანსპორტო საშუალება არ დაუბრუნებია საოპერაციო ზონაში 24 საათის განმავლობაში;
  • გამორთულია ჯპს სისტემა;
  • სხვა გარმოებები რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ეჭვს რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალება არის არასანქცირებული გამოყენების ქვეშ;
    1. გააქტიურებული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დამქირავებელი პასუხისმგებელია მის დაკარგვაზე ან მოპარვაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქარს აქვს გონივრული ეჭვი, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალება მოპარულია, ის უფლებამოსილია, მიმართოს ყველა ზომას რასაც მიიჩნევს მიზანშეწონილად. მათ შორის, დაიბრუნოს ელექტრო სატრანსპორტო საშუალება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია ზიანის ასანაზღაურებლად, დააკისროს დამქირავებელს ჯარიმა.
    2. ქარი უფლებამოსილია შეასრულოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ქმედება მოპარვისა და დაკარგვის აღმოსაფხვრელად, მათ შორის შეატყობინოს პოლიციას, გამოიძახოს პოლიცია, განაცხადოს, დაიწყოს საქმის წარმოება, მიაწოდოს პოლიციას ინფორმაცია.
    3. დამქირავებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ქარს ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გაუჩინარების ან მოპარვის შესახებ. დამქირავებელი ადასტურებს, რომ ქარის აპლიკაციაში გენერირებული მონაცემები წარმოადგენს დამქირავებლის მიერ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის პერიოდის სარწმუნო მტკიცებულებას.

 

  1. უფლება გამოსახულებაზე
    1. დამქირავებელი აცხადებს თანხმობას და აძლევს ქარს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს, შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათებზე, ვიდეოებზე და სხვა ჩანაწერებში დაფიქსირებული დამქირავებლის გამოსახულება და ხმა სარეკლამო, წამახალისებელი და სხვა კომერციული მიზნებისთვის ყველა ფორმატითა და საშუალებით, რაც არ სჭიროებს დამატებით თანხმობას.
    2. წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით, დამქირავებელი თანხმდება, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დაფიქსირებულ მის გამოსახულებაზე საავტორო უფლებები აქვს ქარს. ქარი უფლებამოსილია ამგვარი გამოსახულებები გამოფინოს, გაავრცელოს, შეცვალოს, დაამუშავოს. დამქირავებელი უარს აცხადებს ყველა ამგვარ გამოსახულებასთან დაკავშირებულ უფლებებზე და სრულად გადასცემს მათ ქარს.

 

  1. დაზღვევა
    1. ქარსა და მზღვეველს შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულია დამქირავებლის მიერ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების ქირავნობისას დაზიანებული მესამე პირებისთვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი. დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ ტარების ზონაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები.
    2. ანაზღაურებას ექვემდებარება:
      1. დაზიანებული მესამე პირების სიცოცხლის/ჯანმრთელობის და/ან ქონების გადასარჩენად ან ზიანის შესამცირებლად გაწეული, მზღვეველთან წინასწარი წერილობით შეთანხმებული, მიზანშეწონილი ხარჯები;
      2. დაზიანებული მესამე პირის პრეტენზიებთან/მოთხოვნებთან დაკავშირებული სასამართლო ან სასამართლოს გარეშე პრეტენზიის განხილვის ხარჯები, აგრეთვე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებისა და ზარალის ოდენობის დადგენის ხარჯები, თუ ისინი წერილობით იყო მზღვეველთან შეთანხმებული;
      3. დაზიანებული მესამე პირისთვის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახდელი კომპენსაცია;
      4. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაზიანებული მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია, თუ ამგვარი კომპენსაციის ოდენობა წერილობითი ფორმით შეთანხმებულია მზღვეველთან და თუ დაზიანებული მესამე პირი წერილობით დაადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი შემდგომი პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით.
    3. სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და ანაზღაურებას არ დაექვემდებარება:
      1. ზიანის ანაზღაურების ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
      2. დამზღვევის/დაზღვეულის, დამქირავებლის ან მისი ნათესავის გარდაცვალება ან მათი ჯანმრთელობისათვის/ქონებისთვის მიყენებული ზიანი;
      3. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დაზიანება/განადგურება;
      4. პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშვა დაზღვეული პირის ნებისმიერი სხვა კონტრაქტის, შეთანხმების საფუძველზე;
      5. დაზიანებული მესამე პირისთვის გადახდილი კომპენსაცია, მესამე პირის წინაშე აღებული ან აღიარებული პასუხისმგებლობა, თუ ამგვარი მოხდა მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე;
      6. დაზიანებული მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება/გარდაცვალება ან მისი ქონებისთვის ზიანის მიყენება, თუ ასეთი შემთხვევა დადგება შემთხვევის მომენტიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ;
      7. მოთხოვნები იმ ზარალის გამო, რომელიც დადგა დამქირავებლის ალკოჰოლური,   ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით სიმთვრალის მდგომარეობაში და/ან მათი მიზეზით;
      8. ქარის ან დამქირავებლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანით;
      9. დამქირავებლის ან სხვა პირების განზრახ, არაკეთილსინდისიერი ან დანაშაულებრივი ქმედება, ასევე ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაყალბების შედეგად დამდგარი ზიანი/ზარალი;
      10. მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაზე გამოწვეულია ან გაუარესებულია ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობით სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული დაზიანებით;
      11. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, რომელიც მიყენებულია დაზღვევის ტერიტორიის - ტარების ზონის ფარგლებს გარეთ;
      12. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით;
      13. ნებისმიერი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც გამოწვეულია ომით და საომარი მოქმედებებით, იმის მიუხედავად, გამოცხადებულია ომი თუ არა, სამოქალაქო ომით, აჯანყებით, ამბოხებით, სახალხო მღელვარებით, სამხედრო ფორმირებების ან ტერორისტების მოქმედებებით, სახელმწიფო ორგანოების განკარგულებით; 
      14. ნებისმიერი შემთხვევა, როცა ქარის ან დამქირავებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზღვევის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობების დარღვევას;
      15. ნებისმიერი შემთხვევა, რომლის დადგომის დროს დარღვეულია სადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები;
      16. ზარალი, რომელიც წარმოიშობა დამქირავებლის მიერ „მოძრაობის ზოლის“ ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების მართვისას.
      17. ზარალი/ზიანი, რომელიც დადგა დამქირავებლის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის 43-ე მუხლით დადენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით/დარღვევით (მათ შორის სპეციალური ჩაფხუტით მოძრაობის მოთხოვნის დარღვევა);
      18. შემთხვევები, როდესაც დამზღვევი/მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვეველისათვის ზიანზე პასუხისმგებელი დამქირავებლის ან მესამე პირის მიმართ სუბროგაციული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე ან ასეთი უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდა დამზღვევის/მოსარგებლის ქმედებით;
    4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამქირავებელი ვალდებულია:
      1. მიიღოს სიფრთხილის ყველა ზომა ზიანის ან ზარალის თავიდან აცილების მიზნით;
      2. სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პოლიციას, მზღვეველს და ქარს,  გადაუღოს ფოტოები შემთხვევის ადგილს და დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებს და შეასრულოს ქარის, მზღვეველისა და პოლიციის მიერ მიცემული მითითებები.  
      3. არ დაძრას მოპედი შემთხვევის ადგილიდან მზღვეველისა და საპატრულო პოლიციის მისვლამდე, რათა შენარჩუნებული იყოს შემთხვევის პირვანდელი სახე, , წინამდებარე პირობის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას ანაზღაურებაზე.
      4. მზღვეველთან შეთანხმებით, შეინარჩუნოს შემთხვევის ადგილი პირვანდელ მდგომარეობაში, მზღვეველის მიერ მის დათვალიერებამდე და ფოტოგადაღებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით;
      5. ითანამშრომლოს ქართან, პოლიციასა და მზღვეველთან. მიაწოდოს მათ ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია რაც დაკავშირებულია გამოძიების ინტერესებთან, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად შესაბამისი ანაზღაურების გაცემასთან; ამ მიზნით, გამოცხადდეს გამოკითხვაზე, შეადგინოს შესაბამისი ოქმები, განცხადებები და შეასრულოს ქარის, მზღვეველისა თუ საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული მითითებები;
      6. საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მზღვეველს ან მიერ მიერ მითითებულ პირს უფლება წარმოადგინოს დამქირავებელი სასამართლო პროცესში ყველა პროცესუალური უფლებამორილებით, ქონებრივ მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღიარების (სარჩელის ცნობის) და მორიგების უფლების ჩათვლით, აწარმოოს მოლაპარაკებები მესამე პირებთან და მათ წარმომადგენლებთან.
    5. დამქირავებელი აცხადებს თანხმობას, სადაზღვევო შემთხვევისას ქარმა მიაწოდოს მზღვეველს მისი პერსონალური ინფორმაცია დამატებითი თანხმობის გარეშე. ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სადაზღვევო შემთხვევასთან და მასში მონაწილე დამქირავებელთან დაკავშირებულ შემდეგ დეტალებს - ზიანის მიყენების სავარაუდო პერიოდი, დრო და ადგილი, სავარაუდო მიზეზები, მიყენებული ზარალის ხასიათი, დამქირავებლის მონაცემები, სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით, შემთხვევაში/მოვლენაში ჩართული პირების სახელები და მისამართები. აგრეთვე მზღვეველის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი, გონივრული  ინფორმაცია, შემთხვევასთან დაკავშირებით;
    6. დამქირავებლის მიერ დაზღვევის პირობების ნებისმიერი დებულების, ზემოთ მითითებული და ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული აკრძალვების ან ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მზღვევლის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმას, პასუხისმგებლობა სრულად ენიჭება დამქირავებელს.
    7. თუ დამქირავებელმა გამოიწვია სადაზღვევო რისკის გაზრდა განზრახი ქმედებით, მზღვევლი უფლებამოსილია გააუქმოს დაზღვევის პოლისი პრემიის დაბრუნების გარეშე ვადის დაუცველად. ასეთ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება დამქირავებელს.
    8. ქარის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება ქალაქში განთავსებული ელექტრო სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა. შესაბამისად, შესაძლებელია სადაზღვევო შემთხვევა დადგეს იმ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემთხვევის დადგომის მომენტისთვის არ არის დაზღვეული. ასეთის არსებობისას, შემთხვევა უნდა დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული ზოგადი წესებით დამქირავებლის ბრალეულობის შესაბამისად.

 

  1. დავა და გამოსაყენებლი სამართალი;
    1. ქირავნობის ხელშეკრულებიდან, აპლიკაციის მომსახურებიდან გამომდინარე ნებისმიერ დავაზე მხარეები უთანხმოებას აგვარებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
    2. დამქირავებელი უფლებამოსილია მიმართოს ქარს ელექტრონულ მეილზე, მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნის შესახებ, დააფიქსიროს პრეტენზია. მხარეები გამოიჩენენ მაქსიმალურ ძალისხმევას რომ მოაგვარონ ნებისმიერი დავა და დასრულდეს მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით.
    3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო გამოსაყენებელი სამართალია ქართული სამართალი.

 

  1. ხელშეკრულების ცვლილება
    1. ქარი უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულება ცალმხრივად.
    2. ელექტრო სატრანსპორტო საშუალების გააქტიურებით დამქირავებელი ადასტურებს რომ გაეცნო და ეთანხმება მიღებულ ცვლილებებს.

 

  1. ფორს მაჟორი
    1. ხელშეკრულების ორივე მხარე თავისუფლდება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებისგან ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადით, თუ ამ შეუსრულებლობის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა (ფორს მაჟორი). ფორს-მაჟორი წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო მხარეთა მიერ და რომლის არსებობის გამოც შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება.
    2. ფორს-მაჟორად შეიძლება ჩაითვალოს სტიქიური უბედურებები, ომი, სამოქალაქო არეულობა. გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, ტერორისტული აქტი, საომარი მოქმედბები, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემია, პანდემია, ეკონომიკური ემბარგო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.
    3. ფორს-მაჟორი უნდა დასტურდებიდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ასეთი დადასტურება არ არის სავალდებულო, თუ საქმე ეხება საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს.
    4. ფორს-მაჟორის წარმოშობის შემთხვევაში, მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორი გრძელდება 1 თვეზე მეტი ვადით, მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ ხელშეკრულება ან შეწყვიტონ იგი.
    5. ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრისთანავე, მხარეები აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

  1. ჯარიმების ანაზღაურების ვადა
    დამქირავებელი ვალდებულია ნებისმიერი სახის ჯარიმა დაკისრებული როგორც ქარის, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, აანაზღაუროს ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
     
  2. გარდამავალი დებულებები.
    ხელშეკრულება
    შედგენილია ქართულ ენაზე. ვებგვერდზე განთავსებულია ინგლისური ვერსიაც. თარგმანებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.