0

ქირავნობის ხელშეკრულება

გთხოვთ, ქირავნობის ხელშეკრულებას გაეცანით განსაკუთრებული ყურადღებით. ხელშეკრულება სამართლებრივად აწესრიგებს ურთიერთობას თქვენს და ქარს შორის და მოიცავს რეგულაციებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად.

წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულების გარდა მომხმარებელთან არ იქნება გაფორმებული რაიმე დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც დაარეგულირებს მოპედის ქირავნობას.

მომხმარებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებას მოპედებით სარგებლობისთვის. წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს აპლიკაციით სარგებლობის წესებს და პირობებს,  დაზღვევის პირობებს და ხელშეკრულებას და ის კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად გასაცნობად წარედგინება მომხმარებელს აპლიკაციაში, ასევე განთავსდება ვებგვერდზე. მომხმარებელი აპლიკაციაში შესაბამისი უჯრის მონიშვნით ადასტურებს, რომ გაეცნო და თანახმაა წინამდებარე ხელშეკრულებამ წარმოშვას სამართლებრივი შედეგები.

1.            ტერმინთა განმარტება

1.1.         ხელშეკრულება – ხელშეკრულება მოიცავს ქარს და რაიდერს შორის გაფორმებულ შემდეგ ხელშეკრულებებს - ქირავნობის ხელშეკრულება და კონფიდენციალურობის პოლიტიკა;

1.2.         ქირავნობის ხელშეკრულება - წინამდებარე ხელშეკრულება მოპედის ქირავნობის შესახებ, რომელიც ფორმდება რაიდერს და შპს მერკურს შორის;

1.3.         კონფიდენციალურობის პოლიტიკა - მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესები და პირობები, რომელიც განთავსებულია ქარის აპლიკაციაში და რომელსაც მომხმარებელი ეცნობა და ეთანხმება აპლიკაციაში რეგისტრაციისას;

1.4.         მომხმარებელი/რაიდერი - 18 წლის ზემოთ ასაკის ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია აპლიკაციაში, დაზღვევის ხელშეკრულებით განმარტებული როგორც - უფლებამოსილი მძღოლი;

1.5.         ქარი - შპს მერკურის სასაქონლო ნიშანი, რომელიც რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში საქპატენტში და რომლითაც ოპერირებს ბაზარზე შპს მერკური, ხელშეკრულებაში შპს მერკური მოხსენიებულია, როგორც ქარი;

1.6.         აპლიკაცია - მოპედის გაზიარების აპლიკაცია, რომლის გადმოტვირთვაც მომხმარებელს შეუძლია Google Play და Apple App Store-დან, აპლიკაცია თავსებადია მობილურებისთვის. აპლიკაციის მეშვეობით რაიდერს შეუძლია მიიღოს ქარისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება;

1.7.         მოპედი - ელექტრო მოპედი, რომელსაც ქარი სთავაზობს რაიდერს აპლიკაციის მეშვეობით გაზიარებისთვის;

1.8.         ღირებულება - ქირავნობის ღირებულება;

1.9.         ჯარიმა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებული თანხა, რომელიც ჯარიმის სახით ეკისრება რაიდერს და ჩამოიჭრება აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან;

1.10.      მომსახურება - მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის გულისხმობს მომსახურებას, რასაც რაიდერი იღებს ქარის აპლიკაციის მეშვეობით, კერძოდ, მომსახურება მოიცავს თავად აპლიკაციით სარგებლობას, მოპედების ქირავნობას, ასევე მოპედთან დაკავშირებული დამხმარე ნივთების ქირავნობას, მომსახურე პერსონალს.

1.11.      რეგისტრაცია - რაიდერის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაცია ტელეფონის ნომრითა და ელექტრონული ფოსტით;

1.12.      ვერიფიკაცია - აპლიკაციაში რეგისტრირებული რაიდერის მართვის მოწმობის გადამოწმების და დადასტურების პროცედურა, რაც ხორციელდება Veriff.com-ის მიერ. ასევე, ქარის ტრენინგების გავლის შემდგომ რაიდერის პროფილის პირადობის მოწმობის მეშვეობით აქტივაცია;

1.13.      ავტორიზებული რაიდერი - რაიდერი, რომელმაც აპლიკაციაში გაიარა რეგისტრაცია და ვერიფიკაცია;

1.14.      მძღოლის/მართვის მოწმობა - დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ადასტურებს, რომ ამ დოკუმენტის მფლობელს აქვს დოკუმენტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

1.15.      აკრძალული ზონა - ქარის აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებულ რუკაზე წითლად მონიშნული ტერიტორია, სადაც აკრძალულია მოპედებით გადაადგილება;

1.16.      დასრულების ზონა - ქარის აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებულ რუკაზე მწვანედ მონიშნული ტერიტორია, სადაც ნებადართულია მოპედის გაჩერება;

1.17.      ტარების ზონა  - ქარის აპლიკაციასა და ვებ გვერდზე განთავსებულ რუკაზე თეთრად მონიშნული ტერიტორია, სადაც ნებადართულია მოპედით გადაადგილება;

1.87.      დაპაუზება - დროებით დაყენება ან გაჩერება;

1.19.      პერსონალური ინფორმაცია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია.

1.20.   ვებგვერდი - https://qari.eco

1.21.   დაზღვევის ხელშეკრულება - შპს მერკურსა და სს სადაზღვვეო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის 2021 წლის 1 აპრილს გაფორმებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება;

1.22.   მზღვეველი - სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია;

1.23.   დაზიანებული მესამე პირი  - პირი, რომელსაც რაიდერის მიერ სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული მოპედის მართვისას მიადგა ზიანი სადაზღვევო შემთხვევი შედეგად. მესამე პირად არ ითვლება თავად რაიდერი;

1.24.    სადაზღვევო შემთხვევა  - რაიდერის მიერ დაზღვეული მოპედის მართვის შედეგად მესამე პირების სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისათვის მიყენებული ზიანი;

2.            ქირავნობის საგანი;

2.1.         აპლიკაციის მეშვეობით ქარი აქირავებს, ხოლო რაიდერი ქირაობს მოპედს და მოპედის საბარგულში განთავსებულ ორ ჩაფხუტს. ქირავნობის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ მხოლოდ ქარი და რაიდერი.

2.2.         რაიდერი არის მოპედის ერთადერთი დამქირავებელი და შესაბამისად, მხოლოდ თავად არის პასუხისმგებელი ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და მათ დარღვევაზე.

2.3.         მოპედების დაქირავება რაიდერს შეუძლია მხოლოდ ქარის აპლიკაციის მეშვეობით, მხოლოდ მას შემდეგ რაც გაივლის აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ვერიფიცირების პროცედურებს.

2.4.         მოპედები წარმოადგენს ქარის საკუთრებას და არც წინამდებარე ხელშეკრულება და არც აპლიკაციით მოპედის ქირავნობა არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე სახით რაიდერზე საკუთრების უფლების გადაცემად. ეს დანაწესი ვრცელდება როგორც თავად მოპედზე, ასევე ნებისმიერ სხვა დამატებით ნივთზე რაც ქირავდება მოპედთან ერთად ან წარმოადგენს მოპედის შემადგენელ ნაწილს.

2.5.         რაიდერი ვალდებულია გადაუხადოს ქარს ქირავნობის ღირებულება, რაც გამოითვლება წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესით. ქირავნობის ღირებულება მითითებულია აპლიკაციაში.

3.            ქირავნობის წინაპირობები;

3.1.         მოპედის ქირავნობისთვის სავალდებულოა რაიდერმა დააკმაყოფილოს შემდეგი წინაპირობები:

-              რაიდერი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის;

-              რაიდერმა უნდა გადმოწეროს აპლიკაცია მობილურში;

-              რაიდერი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციაში და გაიაროს ვერიფიკაცია;

3.2.         აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის რაიდერმა უნდა გადმოტვირთოს აპლიკაცია Google Play ან Apple Store App-დან, რეგისტრაციისას გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულებას და შეავსოს აპლიკაციის მიერ შემოთავაზებული სარეგისტრაციო ფორმა.

3.3.         აპლიკაციაში რეგისტრაციით რაიდერი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულებას.

3.4.         რაიდერი ვალდებულია შეასრულოს ქირავნობის წინაპირობები აპლიკაციაში რეგისტრაციისას და ქირავნობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამ წინაპირობების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რაიდერს.

3.5.         რაიდერი ვალდებულია მართოს მოპედი პირადად და უზრუნველყოს, რომ მესამე პირებს არ ექნებათ წვდომა ან შესაძლებლობა გამოიყენონ მოპედი. ქარი იხსნის პასუხისმგებლობებს იმ შემთხვევებისთვის, თუ მესამე პირებმა ისარგებლეს რაიდერის ავტორიზებული პროფილით. პასუხისმგებლობა ნებისმიერი ზიანისთვის, რაც შეიძლება დადგეს მესამე პირების მიერ მოპედით სარგებლობით, დაეკისრება ავტორიზებულ რაიდერს, რომელმაც გაააქტიურა მოპედი.

4.            აპლიკაციაში რეგისტრაცია;

4.1.         აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის რაიდერმა უნდა გადმოტვირთოს აპლიკაცია.

4.2.         აპლიკაციის გადმოტვირთვა და რეგისტრაცია უფასოა.

4.3.         რეგისტრაციისთვის რაიდერმა უნდა შეავსოს აპლიკაციაში ველები და მიჰყვეს შემდეგ ეტაპებს:

-              მიუთითოს ტელეფონის ნომერი;

-              შეიყვანოს აპლიკაციაში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსული კოდი;

-              გაეცნოს, წაიკითხოს და დაეთანხმოს ქირავნობის ხელშეკრულებას (მათ შორის დაზღვევის პირობებს და ხელშეკრულებას), კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამ დოკუმენტების გაცნობა და მათზე დათანხმება სავალდებულოა რეგისტრაციისთვის;

-              გაეცნოს და დაეთანხმოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, პრომოებზე და შემოთავაზებების მეილის მიღებას. ამ შემოთავაზებაზე დათანხმება რეგისტრაციისთვის სავალდებულო არ არის;

-              მიუთითოს აპლიკაციაში მისი სრული სახელი და გვარი;

-              სახელის და გვარის მითითების შემდეგ რაიდერს ეხსნება წვდომა რუკაზე და შეუძლია დაათვალიეროს დაფარვის ზონები, თავისუფალი მოპედები;

-              შეიყვანოს სასურველი ბარათის მონაცემები, რომელიც გამოყენებული იქნება შემდგომში ქირავნობის ღირებულების გადახდის მიზნებისთვის;

-              რეგისტრაცია დასრულებულია ბარათის მონაცემების შეყვანით;

4.4.         რაიდერი ვალდებულია არ გადასცეს მისი აპლიკაციაში ავტორიზაციის ინფორმაცია - მესამე პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდგარ ზიანზე, ქირავნობის ღირებულებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რაიდერს.

4.5.         დუბლირებული პროფილების თავიდან ასარიდებლად დაუშვებელია რაიდერი ერთი და იმავე მართვის მოწმობით დარეგისტრირდეს აპლიკაციაში ერთზე მეტჯერ.

5.            ვერიფიკაცია;

5.1.         მოპედის ქირავნობისთვის რაიდერი ვალდებულია გაიაროს ვერიფიკაციის პროცედურა.

5.2.         ვერიფიკაცია უფასოა.

5.3.         ვერიფიკაცია შესაძლებელია მართვის მოწმობით ან მართვის მოწმობის არ ქონის შემთხვევაში, ქარის სპეციალური ტრენინგების გავლის შემდეგ პირადობის მოწმობით.

5.4.         მართვის მოწმობით ვერიფიკაციისთვის რაიდერმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

-              აპლიკაციაში მონიშნოს ვერიფიკაცია;

-              მიჰყვეს აპლიკაციაში გახსნილ ფანჯარას;

-              აპლიკაცია რაიდერს ამისამართებს Veriff.com ვებ გვერდზე, სადაც რაიდერმა უნდა ატვირთოს მართვის მოწმობის წინა და უკანა მხარის ფოტოები. გარდა ამისა, რაიდერმა Veriff-ის პლატფორმის მეშვეობით უნდა გადაიღოს საკუთარი ფოტო, მითითებული ინსტრუქციების შესაბამისად;

-              იმ შემთხვევაში თუ რაიდერის მიერ გადაღებული ფოტოებით ვერ ხერხდება მისი იდენტიფიკაცია, Veriff-ის პლატფორმა შეატყობინებს ამის შესახებ რაიდერს და გადააამისამართებს მას ვერიფიცირების პროცესის დასაწყისში;

-              ფოტოები ატვირთვიდან მაქსიმუმ 10 წამში, Veriff.com ამოწმებს პირის შესაბამისობას მის მიერ ატვირთულ დოკუმენტებთან და იღებს ქვემოთ მოცემული გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთს:

ა) დადებითი - ვერიფიკაციის დადებითი გადაწყვეტილება. ატვირთული მართვის მოწმობა და რაიდერის ფოტო შეესაბამება ერთმანეთს;

ბ) უარყოფითი - ვერიფიკაციის უარყოფითი გადაწყვეტილება. ატვირთული მართვის მოწმობა არ შეესაბამება რაიდერის ფოტოს;

გ) განხილვაშია - ასეთ შემთხვევაში ქარი უფლებამოსილია თავად განიხილოს ვერიფიკაციის სესია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

-              ვერიფიკაციის პროცესი დასრულებულია Veriff.com -ის მიერ გაცემული დადებითი გადაწყვეტილებისას;

-              რაიდერი აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შესახებ შეტყობინებას;

5.5.         რაიდერი ვალდებულია გაეცნოს Veriff კონფიდენციალურობის პოლიტიკას შემდეგ ლინკზე - https://www.veriff.com/privacy-policy

5.6.         პირადობის მოწმობით ვერიფიკაციისთვის რაიდერმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

-              დარეგისტრირდეს ქარის შეთავაზებულ ტრენინგებზე;

-              გაიაროს ქარის  ინსტრუქტორთან მოპედის მართვის ტრენინგი;

-              ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ ქარი მანუალურად არეგისტრირებს რაიდერს აპლიკაციაში პირადობის მოწმობით და აძლევს მას ავტორიზაციას.

5.7.         რაიდერი უფლებამოსილია ისარგებლოს ქარის მოპედებით მხოლოდ ვერიფიკაციის შესახებ დადებითი შეტყობინების მიღების შემდგომ.

5.8.         იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო რაიდერი ვერ ასრულებს რეგისტრაციის ან ვერიფიკაციის პროცესს, რაიდერი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ქარს აპლიკაციის მეშვეობით ან ელ ფოსტაზე.

5.9.         რაიდერის მიერ რეგისტრაციისა და ვერიფიკაციისას მითითებული მონაცემები - სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, ტელეფონის ნომერი უნდა იყოს სწორი და აქტიური. რაიდერს ეკისრება ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რაც შეიძლება დადგეს არასწორი ინფორმაციის მიყენების შედეგად.  

5.10.      იმ შემთხვევაში, თუ რაიდერს აქვს ეჭვი, რომ მის პროფილს იყენებს სხვა პირი, რაიდერი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ქარს.

6.            ხელშეკრულების ძალაში შესვლა;

6.1.         რაიდერი ხელშეკრულებას უნდა გაეცნოს აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლისას, ხელშეკრულების გაცნობას და მასზე თანხმობას რაიდერი ეთანხმება შესაბამისი მონიშვნით. ამგვარი ფორმით გაცხადებული თანხმობა, ითვლება წერილობით თანხმობად და განხილული იქნება როგორც რაიდერის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.

6.2.         ხელშეკრულება ძალაში შედის აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტიდან.

7.            მხარეთა განცხადებები და გარანტიები;

7.1.         ქარი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ

-              მოპედების ერთადერთი მფლობელი არის ქარი;

7.2.         რაიდერი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ

-              არის 18 წლის ასაკს მიღწეული;

-              იცნობს მოპედის მართვის წესებს, არის კომპეტენტური და აქვს მოპედის მართვის საჭირო უნარები;

-              გაეცნო ხელშეკრულებისა და დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს მისთვის გასაგებ ენაზე და ფორმით, ადასტურებს მათში ასახულ პირობებზე თანხმობას;

-              გაეცნო ქარის აპლიკაციაში მითითებულ უსაფრთხოების წესებს, მოპედის განბლოკვისა და მოხმარების წესებს, ეთანხმება მათ და მზად არის სრულად და განუხრელად შეასრულოს ისინი;

-              კეთილსინდისიერად ისარგებლებს მოპედით, გაუფრთხილდება მას, არ მიაყენებს ზიანს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

-              არის მოპედის ერთადერთი დამქირავებელი და თავად პირადად არის პასუხისმგებელი ხელშეკრულებაში მოყვანილ ყველა წესთან და პირობასთან შესაბამისობაზე;

-              აცნობიერებს, რომ როდესაც განბლოკავს მოპედს, უნდა მართოს პირადად, მხოლოდ თვითონ;

-              მოპედის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, თავად იღებს პასუხისმგებლობას და რისკებს ტრავმის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში;

-              აცნობიერებს, რომ გარემო პირობები როგორიცაა წვიმა, ნისლი, თოვლი, ყინული, სეტყვა, სიცხე შეიძლება გავლენას ახდენდნენ მოპედით რაიდზე. ამ პირობების მიუხედავად რაიდის დაწყებისას პასუხისმგებლობას იღებს ნებისმიერი სახის მატერიალურ ან არამატერიალურ შედეგზე;

-              აღიარებს რომ მოპედი და მასზე მიმაგრებული, მასში განთავსებული ნებისმიერი დამატებითი მოწყობილობა წარმოადგენს ქარის საკუთრებას;

-              თანახმაა გამოიყენოს მოპედი ქარის მიერ მითითებული ზონების გათვალისწინებით, დააპარკინგოს დასრულების ზონაში, არ იმოძრაოს აკრძალულ ზონაში;

-              აცნობიერებს რომ თავად მართავს მოპედს და შესაბამისად, ყველა სახის პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ეკისრება პირადად;

-              აცხადებს თანხმობას, რომ ქარი უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამ მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ნებისმიერი ჯარიმა, გადასახდელი, ზიანის ანაზღაურების ხარჯი ჩამოაჭრას რაიდერს აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან;

-              მისთვის ცნობილია, რომ მოპედით დაუშვებელია მძიმე წონის გადატანა;

-              აცნობიერებს, რომ მოპედი გადაადგილდება დამუხტული ბატარეის მეშვეობით. მოპედის მართვა ამცირებს ბატარეის მუხტს;

-              იცნობს საგზაო მოძრაობის წესებს და იღებს ვალდებულებას დაემორჩილოს და შეასრულოს ასეთი წესები;

-              გაეცნო დაზღვევის პირობებს, ეთანხმება რაიდერის ვალდებულებებს და მზადყოფნას გამოთქვამს სრულად და ჯეროვნად შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები;

7.3.         მხარეთა განცხადებები და გარანტიები არის სავალდებულო ხასიათის დებულებები და მათი დარღვევა წარმოადგენს ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევას. ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ჯარიმა გარანტიების დარღვევისთვის. გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურება, რაც წარმოიშვა ამგვარი დარღვევით. გარანტიის ნებისმიერი პირობის დარღვევა უფლებამოსილებას ანიჭებს მეორე მხარეს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

8.            რაიდის დაწყება;

8.1.         რაიდერს მოპედის ქირავნობა შეუძლია მხოლოდ ქარის აპლიკაციის მეშვეობით.

8.2.         ქირავნობის პროცესი (იგივე რაიდი/მგზავრობა) მოიცავს რაიდერის მიერ აპლიკაციით მოპედის გააქტიურებას, რაიდს და რაიდის დასრულებას.

8.3.         რაიდისთვის რაიდერს თან უნდა ჰქონდეს მობილური ტელეფონი, რომელშიც ჩატვირთულია აპლიკაცია და მართვის/პირადობის მოწმობა.

8.4.         მოპედის ქირავნობისთვის აუცილებელია რაიდერმა:

-              აპლიკაციაში განთავსებულ რუკაზე იპოვოს და დაჯავშნოს სასურველი მოპედი;

-              მოპედის გასააქტიურებლად დაასკანეროს მოპედზე QR კოდი;

-              მოპედზე QR კოდის დასკანირების შემდეგ დააჭიროს „რაიდის დაწყებას“, ამ ღილაკზე დაჭერისას გაიხსნება საბარგული. საბარგულის გახსნის მომენტიდან რაიდი დაწყებულად ითვლება;

-              შეამოწმოს მოპედის მდგომარეობა, ხომ არ აქვს მოპედს რაიმე დაზიანება. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, რაიდერი ვალდებულია აპლიკაციის მეშვეობით მონიშნოს დაზიანებული დეტალი და შეიყვანოს დაზიანების დეტალები. იმ შემთხვევაში, თუ რაიდერი არ შეიყვანს დაზიანების დეტალებს, იგულისხმება, რომ დაიქირავა მოპედი დაზიანებების გარეშე, შესაბამისად რაიდის ბოლოს აღმოჩენილ ნებისმიერ დაზიანებაზე, რომელიც დასაწყისში არ იყო მონიშნული, პასუხისმგებლობა ეკისრება რაიდერს;  ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ჯარიმა 150 ლარის ოდენობით;

-              ჰიგიენური უსაფრთხოებისთვის გაიკეთოს საბარგულში განთავსებული სამედიცინო ქუდი და შემდეგ დაიფაროს ჩაფხუტი. მოპედის საბარგულში განთავსებული იქნება ორი ჩაფხუტი. ჩაფხუტების არ არსებობის შემთხვევაში, რაიდერი ვალდებულია შეატყობინოს ქარს აპლიკაციის მეშვეობით. ასეთი შეტყობინების არარსებობისას, ივარაუდება, რომ რაიდერმა დაიქირავა მოპედი ორი ჩაფხუტით. შესაბამისად, რაიდის ბოლოს ჩაფხუტის დაკარგვის პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება რაიდერს; ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ჯარიმა 300 ლარის ოდენობით ჩაფხუტის დაკარგვისთვის;

-              გადმოიყვანოს მოპედი სადგამიდან და ჩასართავად დააჭიროს ღილაკს „Start” მანამდე, სანამ სამართავ პანელზე არ აინთება წარწერა „Ready“.

9.            რაიდის დასრულება;

9.1.         რაიდერი ვალდებულია რაიდის დასრულებამდე დარწმუნდეს, რომ მოპედი დაყენებულია დასრულების ზონაში. რაიდის ქარის ზონის გარეთ დასრულების შემთხვევაში ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ჯარიმა მოპედსა და დასრულების ზონას შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით. ქარის ზონის გარეთ მოპედის მიტოვებისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 200 ლარი, ხოლო მაქსიმალური - 500 ლარი.

9.2.         რაიდის დასრულებისთვის რაიდერი ვალდებულია:

-              მიიყვანოს მოპედი დასრულების ზონაში;

-              განათავსოს მოპედი სადგამზე;

-              მოათავსოს ორივე ჩაფხუტი და სხვა აქსესუარები საბარგულში;

-              ჩაკეტოს საბარგულის თავსახური, დარწმუნდეს, რომ საბარგული ჩაკეტილია;

-              აპლიკაციაში მონიშნოს რაიდის დასრულება და მიჰყვეს აპლიკაციაში მითითებულ ინსტრუქციას;

9.3.         რაიდერს, რომელიც მიატოვებს მოპედს და გამოტოვებს რაიდის დასრულების ნებისმიერ ეტაპს, დაეკისრება ჯარიმა მოპედის რაიდის დაუსრულებლად მიტოვებისთვის 200 ლარის ოდენობით.

9.4. რაიდერი ვალდებულია დატოვოს  მოპედი მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში. მოპედის დაბინძურებისთვის, ქარი დაგაკისრებთ ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

 

10.          მოპედით სარგებლობის პირობები;

10.1.      ჩაფხუტის გარეშე მოპედით გადაადგილება აკრძალულია. ქარი არ არის პასუხისმგებელი და რაიდერი თავად იღებს პასუხისმგებლობას ჩაფხუტის გარეშე მოპედის ტარებისას წარმოშობილი ნებისმიერი ზიანისთვის, მათ შორის იქნება ეს ადმინისტრაციული ჯარიმა,  რაიდერისთვის თუ ნებისმიერი დაზიანებული მესამე პირისთვის მიყენებული ფიზიკური და მატერიალური ზიანი.

10.2.      მოპედის ჩაფხუტის გარეშე ტარების შემთხვევისთვის რაიდერს დაეკისრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა.

10.3.      ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ჯარიმა 300 ლარის ოდენობით ჩაფხუტის დაკარგვისთვის.

10.4.      იმ შემთხვევაში, თუ რაიდერმა რაიდის დასრულების შემდგომ თან გაიყოლა ჩაფხუტი, ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ჯარიმა საათში სამი ლარის ოდენობით, ჩაფხუტის დაბრუნებამდე. თუ რაიდერი თავს არიდებს ჩაფხუტის დაბრუნების ვალდებულებას, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. ქარი უფლებამოსილია შეუჩეროს რაიდერს ქარის ანგარიში.

10.5.      ქარი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევისთვის, როდესაც რაიდერი მოპედით გაადაადგილდება ჩაფხუტის გარეშე. ქარი უზრუნველყოფს, რომ ჩაფხუტები განთავსებული იქნება მოპედში. ჩაფხუტების არარსებობის შემთხვევაში, რაიდერი ვალდებულია შეატყობინოს ქარს ამის შესახებ და ვალდებულია არ იმგზავროს ჩაფხუტის გარეშე.

10.6.      იმ შემთხვევაში, თუ მოპედის დაჯავშნის, რაიდის დაწყების ან დასრულებისას წარმოიშვება რაიმე სახის პრობლემა, რაიდერი ვალდებულია დაუკავშირდეს ქარს პრობლემის აღმოსაფხვრელად და არ შეეცადოს პრობლემის საკუთარი ძალებით გამოსწორება. მოპედზე განხორციელებულ ნებისმიერ მოდიფიკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რაიდერს.

10.7.      იმ შემთხვევაში თუ მოპედი დაზიანებულია, გატეხილია, აკლია ნაწილები, რაიდერი ვალდებულია დააფიქსიროს შეტყობინება ზიანის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიდის დასრულებისას ნებისმიერ ამგვარ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება რაიდერს.

10.8.      იმ შემთხვევაში, თუ მოპედი არასტაბილურია მოძრაობისას, აქვს რაიმე სხვა პრობლემა რაც ხელს უშლის რაიდერს გადაადგილებაში, რაიდერი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოპედით სარგებლობა, დააპარკინგოს მოპედი დასრულების ზონაში და შეატყობინოს ქარს ასეთი ზიანის შესახებ.

10.9.      რაიდერი ვალდებულია ისე დაგეგმოს მისი გადაადგილება, რომ გაითვალისწინოს მის მიერ არჩეული მოპედის ბატარეის სტატუსი. ქარი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებისთვის, თუ მოპედის მუხტი ამოიწურა დანიშნულების ადგილზე მიღწევამდე. 

10.10.    მუხტი მცირდება გადაადგილებისას, მასზე მოქმედებს სხვადასხვა გარემოებები რაც შეიძლება იყოს გზის პირობები, ამინდი. რაიდერი ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები რაიდის დაწყებამდე.

10.11.    ქარის მოპედები ელექტროა და მათ დამუხტვას უზრუნველყოფს ქარი. რაიდერი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს სამართავ ეკრანს და არ დაუშვას მოპედის საოპერაციო ზონის გარეთ დაუმუხტავ მდგომარეობაში აღმოჩენა. იმ შემთხვევაში, თუ დაცლილი მოპედი ოპერირების ზონის გარეთ დარჩება, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა მოპედის დაბრუნებისთვის 100 ლარის ოდენობით.

 

10.12.    რაიდერი თავად არ უნდა ეცადოს მოპედის დამუხტვას. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელზე გადადის ყველა რისკი, ზიანი, პასუხისმგებლობა, ვალდებულება რაც შეიძლება გამოიწვიოს მოპედის დამუხტვამ.

10.13.    რაიდის ხასიათიდან გამომდინარე, რაიდერმა უნდა მიიღოს უსაფრთხოების ან სიფრთხილის დამატებითი ზომები, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულებაში.

10.14.    რაიდერი ვალდებულია დააბრუნოს მოპედი იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო ქირავნობის დაწყებისას.

10.15.    რაიდერმა თავად უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრობის განმავლობაში მისი მობილური ტელეფონი იქნება დამუხტულ მდგომარეობაში და ექნება საშუალება დაასრულოს მგზავრობა. იმ შემთხვევაში, თუ რაიდის დასრულებამდე მომხმარებლის მობილური ტელეფონის მუხტი ამოიწურა, მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს ქარს პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში და შეატყობინოს რაიდის დეტალები.

10.16.    რაიდერი ვალდებულია ნებისმიერი ინციდენტის, სადავო შემთხვევის დეტალების დასაზუსტებლად ითანამშრომლოს ქართან, მიაწოდოს მას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, გამოცხადდეს ქარის ოფისში, მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვაში.

10.17.    რაიდერი იღებს პასუხისმგებლობას შეინარჩუნოს მოპედი სუფთა მდგომარეობაში, არ ცდის მის მოდიფიკაციას.

10.18.    რაიდერი ვალდებულია თავად გაუფრთხილდეს პირად ნივთებს და არ დატოვოს ის მოპედზე რაიდის დასრულების შემდგომ. ქარი არ აგებს პასუხს იმ შემთხვევისთვის, თუ რაიდერს დარჩება მისი პირადი ნივთები მოპედში.

11.          საგზაო მოძრაობის წესები;

11.1.      რაიდერი ვალდებულია მოპედით სარგებლობის ნებისმიერ დროს დაიცვას და დაემორჩილოს საგზაო მოძრაობის წესებს.

11.2.      მოპედის მართვისას რაიდერი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს.

11.3.      რაიდერი, რომელიც მოძრაობს ველობილიკსა და ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, ამ გზის სავალ ნაწილთან გადაკვეთაზე უნდა იხელმძღვანელოს ველოსიპედის მოძრაობის რეულირებისათვის განკუთვნილი შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალებით.

11.4.      რაიდერს, მოპედის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის ან ბილიკის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს მოძრაობის მიმარულებით არსებული ნებისმიერი ამისთვის ვარგისი გზისპირით, თუ ეს არ დააბრკოლებს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

11.5.      მოძრაობის ზოლზე დასაშვებია მოპედების თანხმვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა.

11.6.      დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში, მოპედის მოძრაობა დასაშვებია არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარისა.

11.7.      საკმარისი ადგილის არსებობისას რაიდერს შეუძლია გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.

11.8.      სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირთან დგომა ნებადართულია მოპედისთვის თუ ის დაბრკოლებას არ უქმნის ქვეითებს.

11.9.      ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია მოპედის მოძრაობა.

11.10.    ველოსიპედის მოძრაობის ზოლის, ველობილიკის არსებობისას რაიდერს ეკრძალება გზის სავალ ნაწილზე, ზოლის მიღმა გადაადგილება. მოპედის გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება დასაშვებია, მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთ რიგად, ხოლო გვერდულაზე − იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.

11.11.    აკრძალულია მოპედით ტროტუარზე მოძრაობა.

11.12.    რაიდერებისთვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

11.13.    რაიდერს ეკრძალება მარცხნივ მოხვევა ან გზაზე მობრუნება იმ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ერთზე მეტი ზოლია.

11.14.    გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე რაიდერმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს.

11.15.    რაიდერს ეკრძალება გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავს. აკრძალულია მოპედის ბუქსირება, ან აღნიშნული ტრანსპორტით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, ან იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია რაიდერს ხელი შეუშალოს მართვაში ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.

11.16.    მოპედის მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ.

11.17.    წინამდებარე მუხლში ინფორმაციისთვის მითითებულია საგზაო მოძრაობის შესახებ კანონიდან მოპედთან დაკავშირებული დებულებები. იმ შემთხვევაში, თუ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც არ არის ასახული წინამდებარე ხელშეკრულებაში, რაიდერი ვალდებულია იხელმძღვანელოს და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა.

11.18. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის რაიდერს დაეკისრება ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად. ქარი უფლებამოსილია დროებით შეუჩეროს ანგარიში ასეთ რაიდერს.

12.          აკრძალვები;

12.1.      აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა.

12.2.      მოპედის მართვისას არ ისარგებლოთ მობილური ტელეფონით ან სხვა მოწყობილობით რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ უსაფრთხო ტარებაში.

12.3. აკრძალულია მოპედის მართვა ალკოჰოლური თრობის, ნარკოტიკული, მედიკამენტების ან სხვა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ მოპედის უსაფრთხო მართვის შესაძლებლობა. არაფხიზელ მდგიმარეობაში ქარის ტარების შემთხვევაში რაიდერს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

12.4. აკრძალულია მოპედის გაჩერება აკრძალულ ავტოსადგომებზე, ვინმეს კერძო საკუთრებაში ან ისეთ ზონებში, რომელიც ჩაკეტილია და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. მოპედების გაჩერება ნებადართულია მხოლოდ დასრულების ზონაში.

12.5. აკრძალულია მოპედის გამოყენება აკრძალულ ზონაში.

12.6. აკრძალულია მოპედებით მონაწილეობა რბოლებში ან რაიმე სპორტულ ღონისძიებებში.

12.7. აკრძალულია სხვა პირისთვის სასყიდლიანი თუ უსასყიდლო ფორმით მოპედის გადაცემა. იმ შემთხვევაში თუ რაიდერმა გადასცა მოპედი სამართავად მესამე პირს, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

12.8. აკრძალულია მოპედის თვითნებური დატენვა, თუ მუხტი იწურება, რაიდერმა უნდა დაასრულოს მგზავრობა.

12.9. აკრძალულია მოპედით მძიმე ტვირთის გადატანა. მოპედს შეუძლია იტვირთოს მაქსიმუმ 180 კილოგრამი, რაიდერის ჩათვლით.

12.10. აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში დამდგარ ნებისმიერი სახის ზიანზე სრულად პასუხისმგებელია რაიდერი.

13.          აპლიკაციაში ანგარიშის გაუქმება;

13.1.      რაიდერი უფლებამოსილია შეწყვიტოს ქირავნობის ხელშეკრულება მომსახურების გამოყენების შეწყვეტით.

13.2.      ანგარიშის გასაუქმებლად რაიდერი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ქარს.

13.3.      ქარი იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის გაუქმების შესახებ რაიდერის ანგარიშის ბალანსის გათვალისწინებით.

13.3.1.   იმ შემთხვევაში, თუ რაიდერს აქვს უარყოფითი ბალანსი და აპლიკაციაში ფიქსირდება დავალიანება (მოპედის ქირა, ჯარიმა, პირგასამტეხლო), ანგარიშის გაუქმება შეუძლებელია სანამ სრულად არ დაიფარება დავალიანება.

13.3.2.   უარყოფითი ბალანსის დაფარვის შემდეგ ქარი უფლებამოსილია ერთი კვირის განმავლობაში გააუქმოს ანგარიში.

13.4. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების, განცხადებებისა და გარანტიების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში, ქარი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩეროს ან გააუქმოს რაიდერის ავტორიზებული პროფილი, შეუზღუდოს რაიდერს წვდომა მოპედებზე.

14.          დაპაუზება;

14.1.      რაიდერი ვალდებულია მოპედი დააპარკინგოს მხოლოდ ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაშვებულ დასრულების ზონაში.

14.2.      დასრულების ზონები მონიშნულია ვებგვერდსა და აპლიკაციაში განთავსებულ რუკაზე.

14.3.      რაიდერმა მოპედის გაჩერებისას უნდა გაითვალისწინოს სხვა მგზავრები და ხელი არ უნდა შეუშალოს სხვა ტრანსპორტის, ფესით მოსიარულეების, სქროლისა თუ ველოსიპედის მძღოლებს.

14.4.      იმ შემთხვევაში, თუ რაიდერი დააპარკინგებს მოპედს პარკირების წესების დარღვევით, რაიდერს დაეკისრება ჯარიმა დასრულების ზონაში წესების დარღვევით გაჩერებისთვის 200 ლარის ოდენობით.

14.5.      რაიდერს აქვს საშუალება დროებით გააჩეროს მოპედი, ამისთვის მოპედზე უნდა გააქტიურდეს პაუზის რეჟიმი. პაუზის რეჟიმში აქტიურია მომხმარებლის ჯავშანი, თუმცა იკეტება საბარგული და აქტიურდება მოპედის სიგნალიზაცია. მგზავრობის გასაგრძელებლად მომხმარებელი ირჩევს რაიდის გაგრძელებას.

14.6. რაიდერი ვალდებულია მოპედის დროებით გაჩერების შემთხვევაშიც დაიცვას პარკინგის წესები. დაპაუზებისას მოპედის არასწორად დაყენებისთვის რაიდერს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.

14.7. პარკირების წესების დარღვევისთვის რაიდერს შესაძლებელია დაეკისროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა საპატრულო პოლიციის მიერ.

15.          კომუნიკაცია;

15.1.      რაიდერს შეუძლია ქართან კომუნიკაციისთვის ისარგებლოს აპლიკაციაში არსებული ჩატით ან დაუკავშირდეს მათ ქარის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - ride@qari.eco

15.2.      რაიდერისთვის გაგზავნილი შეტყობინებები ჩაბარებულად ითვლება და აქვს ორმხრივად მავალდებულებელი ძალა შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. 

15.3.      რაიდერი ვალდებულია აპლიკაციაში მიუთითოს მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, რაიდერმა ცვლილება უნდა ასახოს აპლიკაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება რომ ვალიდურია აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია.

16.          ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ქირავნობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაშია განუსაზღვრელი ვადით.

17.          ქირავნობის ღირებულება;

17.1.      მოპედის ქირავნობის ღირებულება ანგარიშდება რაიდის ხანგრძლივობის  შესაბამისად.

17.2.     ქირავნობის ღირებულება გამოითვლება რაიდის დასრულებაზე ღილაკის დაჭერისას და მოიცავს პერიოდს რაიდის გააქტიურებიდან მის დასრულებამდე.

17.3.     რაიდერს შეუძლია ისარგებლოს მოპედით აპლიკაციაში მითითებული ფასების შესაბამისად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მართვის დაწყების საფასურს და ქირავნობის ღირებულებას. დეტალური ინფორმაცია ქირავნობის ღირებულების შესახებ, განთავსებულია ქარის აპლიკაციაში. მომხმარებელი ვალდებულია მოპედის დაქირავებამდე გაეცნოს ქირავნობის აპლიკაციაში მითითებულ ღირებულებას.

17.4.      ქირავნობის ღირებულებამ შეიძლება განიცადოს ცვლილება. ქირავნობის ღირებულების შეცვლისას ინფორმაცია შეცვლილი ტარიფების შესახებ განთავსება აპლიკაციაში.

17.5.      ქარი უფლებამოსილია შესთავაზოს რაიდერებს პრომო კოდები და მომსახურების პაკეტები.

18.          ანგარიშსწორების წესი;

18.1.      რაიდერი ქირავნობის ღირებულებას იხდის რაიდის დასრულებისთანავე. ქირავნობის ღირებულების ჩამოჭრა ხორციელდება მგზავრობის დასრულების შემდეგ რაიდერის მიერ აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან.

18.2.      რაიდერი აპლიკაციაში ბარათის მონაცემების შეყვანით უფლებამოსილებას ანიჭებს ქარს, აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან ჩამოაჭრას რაიდერს ნებისმიერი გადასახდელი, რომელიც ეკისრება რაიდერს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დარღვევის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო. გადასახდელები მოიცავს ქარის მიერ დაკისრებულ ასევე სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს. წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობა განხილული უნდა იქნეს, ჯარიმების ჩამოჭრაზე თანხმობადაც, რისთვისაც ქარს არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება რაიდერთან.

18.3.      იმ შემთხვევაში თუ თანხის ჩამოჭრა ვერ ხორციელდება აპლიკაციაში მითითებული ბარათიდან, შესაბამისი გადასახდელები დაფიქსირდება რაიდერის პროფილში უარყოფით ბალანსზე და ავტომატურად იქნება ჩამოჭრილი ახალი ბარათის მონაცემების მითითებისას. უარყოფითი ბალანსის მქონე რაიდერი ვერ გაააქტიურებს მოპედს.

18.4.      ქარი უფლებამოსილია დარიცხვა რომელიც წარმატებით არ განხორციელდა გაიმეოროს აპლიკაციაში მითითებული ყველა მეთოდის მეშვეობით.

18.5.      იმ შემთხვევაში, თუ რაიდერი არ ეთანხმება ქარის მიერ განხორციელებულ დარიცხვას, რაიდერი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ქარს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ასეთი დარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. შეტყობინებაში რაიდერმა უნდა მიუთითოს მოთხოვნა. ქარი განიხილავს შემოსულ შეტყობინებას 14 დღის ვადაში და შემდგომ წერილობით შეატყობინებს პოზიციას რაიდერს.

19.          მოპედების ხელმისაწვდომობა;

19.1.      ქარი არ არის პასუხისმგებელი რაიდერის მობილური მოწყობილობისა და აპლიკაციის თავსებადობაზე.

19.2.      რაიდერი ვალდებულია მგზავრობის დაწყებამდე დარწმუნდეს, რომ მოპედს აქვს საკმარისი ბატარეის მარაგი და შეუძლია დასრულების ზონაში დაბრუნება.

19.3.      რაიდერი აპლიკაციის საშუალებით ხედავს აქტიურ მოპედებს.

19.4.      რაიდერი ვალდებულია გააქტიუროს და დაჯავშნოს მოპედი როდესაც ნამდვილად ისახავს მიზნად მის ქირავნობას.

19.5.      რაიდერი უფლებამოსილია გამოიყენოს ის მოპედები, რომლებიც არ არის დაჯავშნილი ან გააქტიურებული სხვა რაიდერების მიერ.

19.6.      ქარს აქვს წვდომა მოპედის ადგილმდებარეობაზე მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრის, უსაფრთხოების, შემოწმების და კონტროლის მიზნით.

19.7.      ქარი უფლებამოსილია, ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუჩეროს მომხმარებელს წვდომა აპლიკაციაზე.

19.8.      რაიდერი თანხმობას აცხადებს იმ ფაქტზე, რომ მოპედები შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე. მოპედების რაოდენობა შეზღუდულია, ისინი განლაგებულია კონკრეტულ ადგილებზე და მათი ხელმისაწვდომობა არ არის ყოველთვის გარანტირებული.

19.9.      აპლიკაციაში რეგისტრაციისთვის, რაიდის დაწყების, დასრულებისთვის აუციელებლია რაიდერის მობილურ ტელეფონს ჰქონდეს აქტიური ინტერნეტ კავშირი. რაიდერი თავად არის პასუხისმგებელი ინტერნეტის მუდმივად ხელმისაწვდომობაზე და ინტერნეტის მოხმარებიდან გამომდინარე ხარჯებზე. ქარი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებისთვის, თუ მოპედით სარგებლობა შეფერხდა ინტერნეტის ხელმიუწვდომელობის გამო, ასევე მობილური მოწყობილობის გაუმართავობის ან დაცლილი ბატარეის გამო. რაიდერი პასუხისმგებელია ყველა ასეთ ხარჯზე. ქარი უფლებამოსილია ასეთი შეფერხების არსებობის პირობებში დააკისროს რაიდერს ქირავნობის ფაქტობრივი ღირებულება მართვის დასრულებამდე.

20.          საავარიო შემთხვევები;

20.1.      რაიდერი ვალდებულია შეატყობინოს ქარს, პოლიციას და მზღვეველს ინფორმაცია ნებისმიერი საგზაო შემთხვევის, ავარიის, დაზიანების, მოპარვის, დაკარგვის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ჩანს თუ არა დაზიანება ვიზუალურად ან მოძრაობს თუ არა მოპედი. აკრძალულია ასეთი შემთხვევის შემდგომ რაიდის გაგრძელება.

20.2        შემთხვევის დადგომისას რაიდერი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საპატრულო პოლიციას და მზღვეველს შემთხვევის შესახებ. ასევე, დაუკავშირდეს ქარს. შეასრულოს მათ მიერ გაცემული ნებისმიერი მითითება და არ დატოვოს შემთხვევის ადგილი და მოპედი უყურადღებოდ. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ქარი უფლებამოსილია მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს თავად რაიდერისგან.

20.3.      ქარი და მომხმარებელი ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან და მზღევველთან, მიაწოდონ მათ ნებისმიერი აუცილებელი ინფორმაცია, დაემორჩილონ მათ მითითებებს.

20.4.      იმ შემთხვევაში თუ ერთი და იმავე ავტორიზებულმა რაიდერმა სამჯერ ან მეტჯერ მიაყენა ზიანი მოპედს, ქარი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ანგარიშზე წვდომა რაიდერს და მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად დააკისროს მას.

20.5.      რაიდერი ვალდებულია მოპედის ნებისმიერი მსუბუქი თუ არსებითი ხასიათის დაზიანებისას, შეატყობინოს ქარს დაზიანების შესახებ. რაიდერი ვალდებულია შეწყვიტოს რაიდი და დააპარკინგოს უსაფრთხო ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ რაიდერი თავს აარიდებს დაზიანების შეტყობინებას, დაეკისრება ჯარიმა 150 ლარის ოდენობით.

21.          ხელშეკრულების შეწყვეტა;

21.1.      ქარს ნებისმიერ დროს, ცალმხრივი წესით, საკუთარი სურვილით, რაიდერის თანხმობის გარეშე შეუძლია შეწყვიტოს რაიდერის წვდომა აპლიკაციაზე, რაიდერს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სარგებლობა და წაშალოს აპლიკაცია.

21.2.      რაიდერის მიერ ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქარი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.

21.3.      რაიდერი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება აპლიკაციაში ავტორიზაციის გაუქმებით. ამისთვის უნდა მიმართოს ქარს, გადაიხადოს მის ანგარიშზე ფიქსირებული ყველა გადასახდელი.

21.4.      ქარი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების საშუალებით. ეს არ ზღუდავს ქარს, მოითხოვოს შეწყვეტის თარიღისთვის არსებული ყველა ვალდებულების შესრულება.

22.          პერსონალური ინფორმაცია;

22.1.      ქარის აპლიკაცია აგროვებს რაიდერის პერსონალურ ინფორმაციას.

22.2.      აპლიკაციის გადმოტვირთვის, რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცედურების გავლისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ქარმა მიიღოს, დაამუშავოს და შეინახოს მის მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემები.

22.3.      აპლიკაციის მიერ ხდება შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავება:

-              ტელეფონის ნომერი;

-              ელ ფოსტა;

-              სახელი გვარი;

-              საბანკო ბარათის მონაცემები (მუშავდება პარტნიორი კომპანია Adyen-ის მიერ);

-              პირადი ნომერი;

-              მართვის მოწმობა (მუშავდება პარტნიორი კომპანია Veriff-ის მიერ);

-              პირადობის მოწმობა (მხოლოდ მანუალური რეგისტრაციის შემთხვევაში);

-              ინფორმაცია მოპედის ადგილმდებაროების შესახებ;

რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია დაცულია თავად ქარის მიერ, ასევე ქარის პარტნიორი მესამე პირების მიერ.

22.4.      ქარის აპლიკაციაში გაცხადებული თანხმობა განიმარტება, როგორც პერსონალური ინფორმაციის დამუშავების უფლებაზე წერილობით გაცემული თანხმობა.

22.5. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ კონფიდენციალურობის პოლიტიკას გაეცანით ვებ გვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში - კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

23.          პასუხისმგებლობები;

23.1.      რაიდერი პასუხისმგებელია ნებისმიერ ჯარიმაზე, მატერიალურ ზიანზე, რომელიც დადგება მის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად.

23.2.      რაიდერი იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ საჩივარზე, მოთხოვნაზე, სარჩელზე, ზარალზე, ხარჯებზე, ჯარიმაზე, რაც უკავშირდება მოპარულ ან დაკარგულ მოპედს.

23.3.      რაიდერი აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ ქარი უფლებამოსილია ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მზღვეველთან და მათი ზეპირი ან წერილობითი მოთხოვნით მიაწოდოს რაიდერის შესახებ აპლიკაციაში დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოითხოვოს სამართალდამცველმა უწყებებმა ან მზღვეველმა გამოძიების ან სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით. ამგვარი ინფორმაციის გადაცემას არ სჭირდება მომხმარებლის დამატებითი თანხმობა.

23.4.      რაიდერი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ნებისმიერი ზიანი, მათ შორის არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებით გამოწვეული ზიანი, ასევე ნებისმიერი ზიანი, რომელიც დადგა რაიდერის ბრალით და მონაწილეობით.

24.          პასუხისმგებლობის გამორიცხვა;

24.1.      რაიდერი არ არის პასუხისმგებელი მოპედის ჩვეულებრივ ცვეთასა და ამორტიზაციაზე.

24.2.      ქარი არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციის თავსებადობაზე მობილურ მოწყობილობებთან, ასევე ქარი იხსნის პასუხისმგებლობისას იმ შემთხვევისთვის როცა რაიდის დასრულება შეუძლებელი გახდა მობილური ტელეფონის მუხტის ამოწურვის, ინტერნეტ კავშირის შეწყვეტის გამო. რაიდერი სრულად არის პასუხისმგებელი უზრუნველყოს საკუთარი მობილურის თავსებადობა და დამუხტვა მოპედის გააქტიურებისთვის და რაიდის დასრულებისთვის. ქარი უფლებამოსილია დააკისროს რაიდერს ყველა ხარჯი, მათ შორის ქირავნობის ღირებულება მართვის ფაქტობრივად აპლიკაციაში დასრულებამდე.

24.3.      ქარი არ არის პასუხისმგებელი საოპერაციო ზონაში გზების გამართულობაზე, არ იძლევა იმის გარანტიას რომ მოპედის გადაადგილების მარშრუტები იქნება ყოველთვის უსაფრთხო. გზა შეიძლება სახიფათო გახდეს ამინდის პირობების, საგზაო მოძრაობის, შეზღუდული ხილვადობის და სხვა დამატებითი პირობების გამო.

24.4.      რაიდერი აცხადებს თანხმობას სრულად გაათავისუფლოს ქარი (ქარის თანამშრომლები და კონტრაქტორი პირები) პასუხისმგებლობებისგან, დაიცვას ის მესამე პირების პრეტენზიებისგან და თავიდან ააცილოს ზარალი, დაიცვას ისინი საჩივრებისგან, სარჩელებისგან რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაუდევრობით, ხელშეკრულების დარღვევით, გარანტიის დარღვევით. პრეტენზია გულისხმობს ნებისმიერ პრეტენზიას, ტრავმას, მოთხოვნას, პასუხისმგებლობას, დავის საგანს, სარჩელს ვალდებულებას, დავალიანებას, ჯარიმას, ხარჯს, ზიანს (მათ შორის, პირადი დაზიანება, გარდაცვალება, ჯანმრთელობის და ქონების ზიანი).

24.5.      რაიდერი ყოველთვის ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მოპედის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

25.          დაკარგული და მოპარული მოპედი;

25.1.      მოპედი დაკარგულად ან მოპარულად ჩაითვლება თუ:

-              რაიდერს მოპედი არ დაუბრუნებია საოპერაციო ზონაში 24 საათის განმავლობაში;

-              გამორთულია ჯპს სისტემა;

-              სხვა გარმოებები რომლებიც იწვევენ საფუძვლიან ეჭვს რომ მოპედი არის არასანქცირებული გამოყენების ქვეშ;

25.2.      გააქტიურებული მოპედის რაიდერი პასუხისმგებელია მოპედის დაკარგვაზე ან მოპარვაზე. იმ შემთხვევაში, თუ ქარს აქვს გონივრული ეჭვი, რომ მოპედი მოპარულია, ის უფლებამოსილია, მიმართოს ყველა ზომას რასაც მიიჩნევს მიზანშეწონილად. მათ შორის, დაიბრუნოს მოპედი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია ზიანის ასანაზღაურებლად, დააკისროს რაიდერს ჯარიმა.

25.3.      ქარი უფლებამოსილია შეასრულოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ქმედება მოპარვისა და დაკარგვის აღმოსაფხვრელად, მათ შორის შეატყობინოს პოლიციას, გამოიძახოს პოლიცია, განაცხადოს, დაიწყოს საქმის წარმოება, მიაწოდოს პოლიციას ინფორმაცია.

25.4.      რაიდერი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ქარს მოპედის გაუჩინარების ან მოპარვის შესახებ. რაიდერი ადასტურებს, რომ ქარის აპლიკაციაში გენერირებული მონაცემები წარმოადგენს რაიდერის მიერ მოპედით სარგებლობის პერიოდის სარწმუნო მტკიცებულებას.

26.          უფლება გამოსახულებაზე;

26.1.      რაიდერი აცხადებს თანხმობას და აძლევს ქარს უფლებას, რომ ნებისმიერ დროს, შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათებზე, ვიდეოებზე და სხვა ჩანაწერებში დაფიქსირებული რაიდერის გამოსახულება და ხმა სარეკლამო, წამახალისებელი და სხვა კომერციული მიზნებისთვის ყველა ფორმატითა და საშუალებით, რაც არ სჭიროებს დამატებით თანხმობას.

26.2.      წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით, რაიდერი თანხმდება, რომ მოპედებთან ერთად დაფიქსირებულ მის გამოსახულებაზე საავტორო უფლებები აქვს ქარის. ქარი უფლებამოსილია ამგვარი გამოსახულებები გამოფინოს, გაავრცელოს, შეცვალოს, დაამუშავოს. რაიდერი უარს აცხადებს ყველა ამგვარ გამოსახულებასთან დაკავშირებულ უფლებებზე და სრულად გადასცემს მათ ქარს.

27.          დაზღვევა;

27.1. ქარსა და მზღვეველს შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვევულია რაიდერის მიერ მოპედის ქირავნობისას დაზიანებული მესამე პირებისთვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი. დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ ტარების ზონაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები.

27.2. ანაზღაურებას ექვემდებარება:

27.2.1. დაზიანებული მესამე პირების სიცოცხლის/ჯანმრთელობის და/ან ქონების გადასარჩენად ან ზიანის შესამცირებლად გაწეული, მზღვეველთან წინასწარი წერილობით შეთანხმებული, მიზანშეწონილი ხარჯები;

27.2.2. დაზიანებული მესამე პირის პრეტენზიებთან/მოთხოვნებთან დაკავშირებული სასამართლო ან სასამართლოს გარეშე პრეტენზიის განხილვის ხარჯები, აგრეთვე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებისა და ზარალის ოდენობის დადგენის ხარჯები, თუ ისინი წერილობით იყო მზღვეველთან შეთანხმებული;

27.2.3. დაზიანებული მესამე პირისთვის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადასახდელი კომპენსაცია;

27.2.4. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაზიანებული მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია, თუ ამგვარი კომპენსაციის ოდენობა წერილობითი ფორმით შეთანხმებულია მზღვეველთან და თუ დაზიანებული მესამე პირი წერილობით დაადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი შემდგომი პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით.

27.3. სადაზღვევო შემთხვევად არ ჩაითვლება და ანაზღაურებას არ დაექვემდებარება:

27.3.1.   ზიანის ანაზღაურების ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

27.3.2. დამზღვევის/დაზღვეულის, რაიდერის ან მისი ნათესავის გარდაცვალება ან მათი ჯანმრთელობისათვის/ქონებისთვის მიყენებული ზიანი;

27.3.3.      მოპედის დაზიანება/განადგურება;

27.3.4. პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშვა დაზღვეული პირის ნებისმიერი სხვა კონტრაქტის, შეთანხმების საფუძველზე;

27.3.5. დაზიანებული მესამე პირისთვის გადახდილი კომპენსაცია, მესამე პირის წინაშე აღებული ან აღიარებული პასუხისმგებლობა, თუ ამგვარი მოხდა მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე;

27.3.6.        დაზიანებული მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება/გარდაცვალება ან მისი ქონებისთვის ზიანის მიყენება, თუ ასეთი შემთხვევა დადგება შემთხვევის მომენტიდან 12 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ;

27.3.7.  მოთხოვნები იმ ზარალის გამო, რომელიც დადგა რაიდერის ალკოჰოლური,   ნარკოტიული ან ფსიქოტროპული ნივთიერებებით სიმთვრალის მდგომარეობაში და/ან მათი მიზეზით;

27.3.8. ქარის ან რაიდერის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანით;

27.3.9. რაიდერის ან სხვა პირების განზრახ, არაკეთილსინდისიერი ან დანაშაულებრივი ქმედება, ასევე ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაყალბების შედეგად დამდგარი ზიანი/ზარალი;

27.3.10. მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაზე გამოწვეულია ან გაუარესებულია მოპედების გაუმართაობით სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული დაზიანებით;

27.3.11.                ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, რომელიც მიყენებულია დაზღვევის ტერიტორიის - ტარების ზონის ფარგლებს გარეთ;

27.3.12. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით;

27.3.13. ნებისმიერი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც გამოწვეულია ომით და საომარი მოქმედებებით, იმის მიუხედავად, გამოცხადებულია ომი თუ არა, სამოქალაქო ომით, აჯანყებით, ამბოხებით, სახალხო მღელვარებით, სამხედრო ფორმირებების ან ტერორისტების მოქმედებებით, სახელმწიფო ორგანოების განკარგულებით; 

27.3.14. ნებისმიერი შემთხვევა, როცა ქარის ან რაიდერის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზღვევის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობების დარღვევას;

27.3.15. ნებისმიერი შემთხვევა, რომლის დადგომის დროს დარღვეულია სადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები;

27.3.16. ზარალი, რომელიც წარმოიშობა რაიდერის მიერ „მოძრაობის ზოლის“ ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების მართვისას.

27.3.17. ზარალი/ზიანი, რომელიც დადგა რაიდერის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის 43-ე მუხლით დადენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით/დარღვევით (მათ შორისსპეციალური ჩაფხუტით მოძრაობის მოთხოვნის დარღვევა);

27.3.18. შემთხვევები, როდესაც დამზღვევი/მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვეველისათვის ზიანზე პასუხისმგებელი რაიდერის ან მესამე პირის მიმართ სუბროგაციული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე ან ასეთი უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდა დამზღვევის/მოსარგებლის ქმედებით;

27.4. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას რაიდერი ვალდებულია:

27.4.1. მიიღოს სიფრთხილის ყველა ზომა ზიანის ან ზარალის თავიდან აცილების მიზნით;

27.4.2. სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობისას დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პოლიციას, მზღვეველს და ქარს,  გადაუღოს ფოტოები შემთხვევის ადგილს და დაზიანებულ სატრანსპორტო საშუალებებს და შეასრულოს ქარის, მზღვეველისა და პოლიციის მიერ მიცემული მითითებები.  

27.4.3. არ დაძრას მოპედი შემთხვევის ადგილიდან მზღვეველისა და საპატრულო პოლიციის მისვლამდე, რათა შენარჩუნებული იყოს შემთხვევის პირვანდელი სახე, , წინამდებარე პირობის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია უარი თქვას ანაზღაურებაზე.

27.4.4. მზღვეველთან შეთანხმებით, შეინარჩუნოს შემთხვევის ადგილი პირვანდელ მდგომარეობაში, მზღვეველის მიერ მის დათვალიერებამდე და ფოტოგადაღებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით;

27.4.5. ითანამშრომლოს ქართან, პოლიციასა და მზღვეველთან. მიაწოდოს მათ ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია რაც დაკავშირებულია გამოძიების ინტერესებთან, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად შესაბამისი ანაზღაურების გაცემასთან; ამ მიზნით, გამოცხადდეს გამოკითხვაზე, შეადგინოს შესაბამისი ოქმები, განცხადებები და შეასრულოს ქარის, მზღვეველისა თუ საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული მითითებები;

27.4.6. საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მზღვეველს ან მიერ მიერ მითითებულ პირს უფლება წარმოადგინოს რაიდერი სასამართლო პროცესში ყველა პროცესუალური უფლებამორილებით, ქონებრივ მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღიარების (სარჩელის ცნობის) და მორიგების უფლების ჩათვლით, აწარმოოს მოლაპარაკებები მესამე პირებთან და მათ წარმომადგენლებთან.

27.5. რაიდერი აცხადებს თანხმობას, სადაზღვევო შემთხვევისას ქარმა მიაწოდოს მზღვეველს მისი პერსონალური ინფორმაცია დამატებითი თანხმობის გარეშე. ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს სადაზღვევო შემთხვევასთან და მასში მონაწილე რაიდერთან დაკავშირებულ შემდეგ დეტალებს - ზიანის მიყენების სავარაუდო პერიოდი, დრო და ადგილი, სავარაუდო მიზეზები, მიყენებული ზარალის ხასიათი, რაიდერის მონაცემები, სახელწოდება, პირადი/საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითებით, შემთხვევაში/მოვლენაში ჩართული პირების სახელები და მისამართები. აგრეთვე მზღვეველის მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი, გონივრული  ინფორმაცია, შემთხვევასთან დაკავშირებით;

27.6. რაიდერის მიერ დაზღვევის პირობების ნებისმიერი დებულების, ზემოთ მითითებული და ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული აკრძალვების ან ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მზღვევლის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმას, პასუხისმგებლობა სრულად ენიჭება რაიდერს.

27.7. თუ რაიდერმა გამოიწვია სადაზღვევო რისკის გაზრდა განზრახი ქმედებით, მზღვევლი უფლებამოსილია გააუქმოს დაზღვევის პოლისი პრემიის დაბრუნების გარეშე ვადის დაუცველად. ასეთ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმებით დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება რაიდერს.

27.8. ქარის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება ქალაქში განთავსებული მოპედების დაზღვევა. შესაბამისად, შესაძლებელია სადაზღვევო შემთხვევა დადგეს იმ მოპედზე, რომელიც შემთხვევის დადგომის მომენტისთვის არ არის დაზღვეული. ამგვარ შემთხვევაში, შემთხვევა უნდა დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული ზოგადი წესებით რაიდერის ბრალეულობის შესაბამისად.

27.9. ვალდებულია გაეცნოს დაზღვევის ხელშეკრულების პირობებს სრულად ლინკზე -  https://euroins.ge/storage/985/Moped.pdf

28. დავა და გამოსაყენებლი სამართალი;

28.1.      ქირავნობის ხელშეკრულებიდან, აპლიკაციის მომსახურებიდან გამომდინარე ნებისმიერ დავაზე მხარეები უთანხმოებას აგვარებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.

28.2.      რაიდერი უფლებამოსილია მიმართოს ქარს ელექტრონულ მეილზე, მიაწოდოს ინფორმაცია მოთხოვნის შესახებ, დააფიქსიროს პრეტენზია. მხარეები გამოიჩენენ მაქსიმალურ ძალისხმებას რომ მოაგვარონ ნებისმიერი დავა და დასრულდეს მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით.

28.3.      შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო გამოსაყენებელი სამართალია ქართული სამართალი.

29.          ხელშეკრულების ცვლილება;

29.1.      ქარი უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე ქირავნობის ხელშეკრულება ცალმხრივად.

29.2.      მოპედის გააქტიურებით რაიდერი ადასტურებს რომ გაეცნო და ეთანხმება მიღებულ ცვლილებებს.

30.          ფორს მაჟორი;

30.1.      ხელშეკრულების ორივე მხარე თავისუფლდება ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებისგან, თუ ამ შესურლებლობის მიზეზი გახდა საგანგებო ხასიათის მქონე გადაულახავი ძალა (ფორს მაჟორი). ფორს მაჟორი წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო მხარეთა მიერ და რომლის არსებობის გამოც შეუძლებელი ხდება ვალდებულების შესრულება.

30.2.      ფორს მაჟორად შეიძლება ჩაითვალოს სტიქიური უბედურებები, ომი, სამოქალაქო არეულობა. გაფიცვა, ლოკაუტი, მასობრივი არეულობა, ტერორისტული აქტი, საომარი მოქმედბები, საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემია, პანდენია, ეკონომიკური ემბარგო, აღმასრულებელი და საკანონმდებლ ორგანოების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

30.3.      ფორს მაჟორი უნდა დასტურდებიდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ასეთი დადასტურება არ არის სავალდებულო, თუ საქმე ეხება დაყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს.

30.4.      ფორს მაჟორის წარმოშობის შემთხვევაში, მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს ამის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ ფორს მაჟორი გრძელდება 1 თვეზე მეტი ვადით, მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ ხელშეკრულება ან შწყვიტონ ის.

30.5.      ფორს მაჟორული გარემოებების აღმოფხვრისთანავე, მხარეები აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

31.          გარდამავალი დებულებები.

ხელშეკრულება შექმნილია ქართულ ენაზე. ვებ გვერდზე განთავსებულია ინგლისური ვერსიაც. თარგმანებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულ ვერსიას.